შალვა პაპუაშვილი - ანტიევროპული ქცევაა, როდესაც შენი ქვეყნის ფული სხვა ქვეყნის, სხვა საზოგადოების ინტერესებს აზიანებს, სამწუხაროდ, ამაში არის ჩართული შვედეთის საელჩო
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ დეზინფორმაციას ავრცელებს კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ, თითქოს პარლამენტის სხდომისთვის საჭიროა პრეზიდენტის გადაწყვეტილება და ოპოზიციას შეუძლია, რამენაირად დაბლოკოს პარლამენტის შეკრება. დონორი როდესაც ხედავს, რომ შვედური ბიუჯეტიდან ფულის გამოყენებით ორგანიზაციები ძირს უთხრიან დემოკრატიას სხვა ქვეყანაში, მათი პასუხისმგებლობაა, ამაზე ჰქონდეთ რეაგირება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ანტიევროპული ქცევაა, როდესაც შენი ქვეყნის ფული სხვა ქვეყნის, სხვა საზოგადოების ინტერესებს აზიანებს.
„უპირველეს ყოვლისა, ანტიევროპული ქცევაა, როდესაც სხვა ქვეყანაში აფინანსებ ორგანიზაციას და ეგუები, რომ ეს ორგანიზაცია ავრცელებს დეზინფორმაციას. 21-ე საუკუნეში დეზინფორმაცია ქვეყნების დესტაბილიზაციის ერთ-ერთი იარაღია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვხედავთ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ, თითქოს პარლამენტის სხდომისთვის საჭიროა პრეზიდენტის გადაწყვეტილება და ოპოზიციას შეუძლია, რამენაირად დაბლოკოს პარლამენტის შეკრება. მათ შორის, მეც მქონდა საუბარი და მოვუწოდე „გამჭვირვალობას“, თავად გაეკეთებინა განმარტებები. ისინი დუმან. განზრახ ავრცელებენ დეზინფორმაციას კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ, რათა დააბნიონ საზოგადოება, მოახდინონ დეზორიენტაცია, რაც დემოკრატიული წყობილების წინააღმდეგ დეზინფორმაციას წარმოადგენს.
ამას დონორი როდესაც ხედავს და კითხვაზე პასუხად ამბობს, რა ვქნათ, ეს არის სიტყვის თავისუფლებაო, ტყუილია, რადგან დეზინფორმაცია არ არის დაცული სიტყვის თავისუფლებითა და გამოხატვის თავისუფლებით. როგორც ჩანს, შვედეთის საელჩოს არ ესმის, რას ნიშნავს გამოხატვის თავისუფლება. ტყუილი არ არის გამოხატვის თავისუფლება. დონორი როდესაც ხედავს, რომ შვედეთის მოქალაქეების ფულის გამოყენებით ორგანიზაციები ძირს უთხრიან დემოკრატიას სხვა ქვეყანაში, რა თქმა უნდა, მათი პასუხისმგებლობაა, ამაზე ჰქონდეთ რეაგირება.
ეს გასაკვირი არ არის იმ ფონზე, როდესაც თავად შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელი, პარლამენტის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ჩამოსული იყო და საერთაშორისო სამართლის დარღვევით მიტინგებს გვიტარებდა პარლამენტის წინ, სიტყვით გამოდიოდა, პირდაპირ მოუწოდებდა ხალხს, გამოსულიყვნენ ქუჩაში და მოეწყოთ მაიდანი.
შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელი რომ ამას აკეთებს, უკვე გასაკვირი არ არის, რომ შვედეთის საელჩო აცდენილია ადეკვატურ პასუხებს იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რასაც წარმოქმნის ფული, რომელიც შვედური ბიუჯეტიდან იხარჯება საქართველოში, კერძოდ, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სახით. ეს მათი პასუხისმგებლობაა და ამ პასუხისმგებლობას ზოგადი წინადადებით ვერ გაექცევიან. ანტიევროპული ქცევაა, როდესაც შენი ქვეყნის ფული სხვა ქვეყნის, სხვა საზოგადოების ინტერესებს აზიანებს. სამწუხაროდ, შვედეთის საელჩო ამაში არის ჩართული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.