შალვა პაპუაშვილი - დეპარტამენტის ანგარიშში ყველგან მითითებულია - „როგორც ამბობენ“, ეს „ამბობენ“ ის „ენჯეოებია“, რომლებიც ფინანსდებიან ამერიკული ან ევროპული წყაროდან და დეზინფორმაციას ავრცელებენ
შალვა პაპუაშვილი - დეპარტამენტის ანგარიშში ყველგან მითითებულია - „როგორც ამბობენ“, ეს „ამბობენ“ ის „ენჯეოებია“, რომლებიც ფინანსდებიან ამერიკული ან ევროპული წყაროდან და დეზინფორმაციას ავრცელებენ

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ერთი სპეციფიკა აქვს, ყველგან მითითებულია – „როგორც ამბობენ“. ეს „ამბობენ“ არიან ის „ენჯეოები“, რომლებიც ფინანსდებიან ამერიკული ან ევროპული წყაროდან და დეზინფორმაციას ავრცელებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.

მისი თქმით, ანგარიშში დავით კეზერაშვილზეც არის საუბარი, კრიმინალზე, რომელიც ევროპაში თავისუფლად გადაადგილდება.

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ დავით კეზერაშვილის სახელი და გვარი ჯერ ევროპარლამენტის რეზოლუციაში აღმოჩნდა და ახლა სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რაც ანგარიშს ჩრდილს აყენებს.

„ანგარიში არ მინახავს, უბრალოდ, მედიაში სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ამონარიდები ვნახე, მათ შორის კეზერაშვილთან დაკავშირებით. რთულია კომენტარი გაკეთდეს. ვსაუბრობთ კრიმინალზე, რომელიც, სამწუხაროდ, თავისუფლად გადაადგილდება ევროპაში. ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს, საქართველოს ჯარს ფული მოჰპარა. როდესაც ასეთი სახელი და გვარი, ჯერ იყო და, ევროპარლამენტის რეზოლუციაში აღმოჩნდა და ახლა უკვე სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, ეს ანგარიშს აყენებს ჩრდილს და აჩვენებს, რომ ის არ არის დაფუძნებული რეალურ ფაქტებზე. ნებისმიერ დოკუმენტში კრიმინალის პოზიტიურ ჭრილში წარმოჩენა თავად ამ დოკუმენტს ვნებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება ნიკა გვარამიას საქმეს, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ პასუხი სტრასბურგის სასამართლოს მიერ არის გაცემული.

„რაც შეეხება გვარამიას საქმეს. დეპარტამენტის ანგარიშს ერთი სპეციფიკა აქვს. ყველგან მითითებულია: „როგორც ამბობენ“. ეს „ამბობენ“ არიან ის „ენჯეოები“, რომლებიც ფინანსდებიან ამერიკული ან ევროპული წყაროდან და დეზინფორმაციას ავრცელებენ, რათა, საბოლოო ჯამში, ანგარიშის რომელიღაც ფურცელზე ეს წინადადებები ამოვიკითხოთ. რაც შეეხება ამ „ამბობენ“-ს და ამ ჭორ-მართალს, პასუხი გასცა სტრასბურგის სასამართლომ. სახელმწიფო დეპარტამენტს შეუძლია, გადაიკითხოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. დეპარტამენტის ანგარიშში მითითებულია, რომ ის ეფუძნება მონათხრობებს, მტკიცებით ფორმაში არ ამბობს და ეფუძნება, დიდი ალბათობით, „ენჯეოების“ მონათხრობებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.