შალვა პაპუაშვილი ანა ნაცვლიშვილს - როდესაც თქვენს ქვეყანაზე მიდის დეზინფორმაციის ტალღა, იცით, რომ ეს ყველაფერი ტყუილია და არაფერს ამბობთ, არღვევთ ფიცს ამ დროშის და გერბის წინაშე
უკრაინასთან დაკავშირებით მე გუშინაც გავაკეთე კომენტარი, რაიმე წერილობითი მოწვევა არ ყოფილა. ვთქვი, რომ იყო კომუნიკაცია მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელებს შორის, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ანა ნაცვლიშვილის კითხვას, რატომ არ იყო უკრაინაში ქართული დელეგაცია.
როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, იყო კომუნიკაცია მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელებს შორის, თუმცა ოფიციალური მიწვევა ღონისძიებაში მონაწილეობის შესახებ არ ყოფილა. მისივე თქმით, გაუგებარია, როდესაც საქართველოს მიმართ მიდის დეზინფორმაციის ტალღა და ოპონენტებს ამაზე არ გააჩნიათ პოზიცია.
„პოზიცია არის შემდეგი. ჩემს უკან დგას საქართველოს დროშა. ჩემს უკან კიდია საქართველოს გერბი. თქვენ, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრს, ფიცი გაქვთ დადებული ამ დროშის და ამ გერბის წინაშე. თქვენ ფიცი გაქვთ დადებული ერთადერთი ქვეყნის, საქართველოს წინაშე. როდესაც თქვენს ქვეყანას, იმ ქვეყანას, რომლის წინაშეც ფიცი დადეთ, აბრალებენ და მიდის დეზინფორმაციის ტალღა, როდესაც დამნაშავეს ეძახიან მსხვერპლს, როდესაც მწამებელს ეძახიან წამებულს, როდესაც თქვენს ქვეყანას შიგნით და გარეთ აბრალებენ არაკეთილსინდისიერებას, სანქციების გვერდის ავლაში ხელშეწყობას და ა. შ. და როდესაც თქვენ, პირადად ანა ნაცვლიშვილმა იცით, რომ ეს ყველაფერი ტყუილია, რომ სინამდვილეში მწამებელია მწამებელი, რომ დამნაშავეა დამნაშავე, რომ არცერთი ფაქტი ეჭვის დონეზეც არ დადასტურებულა რაიმე სანქციების გვერდის ავლისა, აი, ამ ყველაფერს რომ ისმენთ და არაფერს ამბობთ, ამით არღვევთ ფიცს ამ დროშის და ამ გერბის წინაშე. ამიტომ მე ერთადერთ რამეს გთხოვდით, ის ფიცი, რომელიც დადებული გაქვთ ამ დროშის, გერბის და ქვეყნის წინაშე, ამ ფიცით იხელმძღვანელოთ თქვენც და თქვენმა ოპოზიციონერმა კოლეგებმა და თუკი ასე იხელმძღვანელებთ და არც აფიქრებინებთ სხვასაც, რომ აქ არის თითქოს რაღაც ნიადაგი, რომ ასეთი ყალბი ბრალდებები შეიძლება ვინმეს გაუვიდეს, ამ ნიადაგს თუ არ მისცემთ, ასეთი ბრალდებებიც არ იქნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა იმ ურთიერთობის შესახებ, რომელიც ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის არსებობს.
„რაც შეეხება ჩვენს პარლამენტს, საქართველოს პარლამენტს და რადას შორის ურთიერთობა, ეს არის ყველაზე თბილი და მეგობრული ურთიერთობა, რომელიც ერთი წლის განმავლობაში დავამტკიცეთ ორივე პარლამენტმა იმ ვიზიტებით, რომელიც აქ განხორციელდა, თქვენც იყავით მოწმე და მონაწილე, როდესაც ჩამოვიდნენ მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელები ბავშვებთან ერთად. ჩვენ ერთი წლის განმავლობაში – ჩვენი ვიზიტით იქ, მათი ვიზიტით აქ – დავამტკიცეთ, თუ როგორი მეგობრობა გვაქვს და ძალიან ნიშანდობლივია, რომ ეს საკითხები გამჟღავნდა არა უკრაინის რადას რომელიმე წარმომადგენლის მხრიდან, არამედ ისევ საქართველოს პარლამენტის წევრის მხრიდან, რომელსაც ფიცი აქვს დადებული ამ დროშის და ამ გერბის წინაშე. ეს ერთადერთ რამეს გვაჩვენებს, როგორ ვუყურებთ ჩვენს ქვეყანას, როგორ ვუყურებთ უკრაინას. ამიტომ გთხოვთ, რომ არის საკითხები, რომელზეც ჩვენ სხვა დროსაც გვისაუბრია, ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ მოთმენას და იმის ატანას, რომ საქართველოს, ჩვენს ქვეყანას, რომლის წინაშეც გვაქვს ფიცი დადებული, აბრალებდნენ ყველაფერს, რომ თითქოს აქ არის წამების რეჟიმი, თითქოს აქ არის სანქციების გვერდის ავლის რეჟიმი და ა. შ. და ამას ასე ვისმენდეთ ჩუმად. და თქვენ ამას ისმენთ ჩუმად, თქვენ ამას იტანთ, იმიტომ, რომ ვერ აცნობიერებთ ფიცის ძალას, რომელიც თქვენ გაქვთ დადებული. ამიტომ თქვენ ნუ იღელვებთ იმაზე, თუ როგორი ურთიერთობები არის ჩვენ შორის. მე გუშინ მქონდა ამაზე კომუნიკაცია რადაში კოლეგებთან და ისინიც გაკვირვებული არიან, თუ რატომ მოხდა ასეთი აჟიოტაჟი საქართველოში. კიდევ ერთხელ, წერილობით რაიმე მოწვევა არ ყოფილა, იყო კომუნიკაცია მეგობრობის ჯგუფებს შორის და არის პოზიცია, რომელსაც ჩვენ საჯაროდ კეთილსინდისიერად ყველას მიმართ ვაფიქსირებთ და ამიტომ მოგიწოდებთ, ამის მიხედვით იმოქმედოთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.