შალვა პაპუაშვილი - ამნისტიის პროექტი დაახლოებით ათ პროცენტამდე პატიმარს მისცემს შესაძლებლობას, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს
ამნისტიის პროექტი დაახლოებით ათ პროცენტამდე პატიმარს მისცემს შესაძლებლობას, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, საბოლოო მიზანია, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ერთი მესამედით შემცირდეს პატიმრების რაოდენობა.
„პრემიერ-მინისტრმა ცხადად აღნიშნა, თუ რა არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიზანი. ის, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრების რაოდენობა ეტაპობრივად შევამციროთ და დავიყვანოთ საერთო სტანდარტამდე. ჩვენი საბოლოო მიზანია, ერთი მესამედით შემცირდეს პატიმრების რაოდენობა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ამის პირველი ნაბიჯია ეს ამნისტია, რომელიც დაახლოებით 10 პროცენტამდე პატიმარს შეეხება დაუყოვნებლივ გათავისუფლების სახით. საერთო ჯამში, პატიმრების ერთ მესამედს შეეხება სხვადასხვა ფორმით – სასჯელის განახევრებით, მეოთხედით, მეექვსედით შემცირებით. ასევე შეეხება პრობაციონერების დიდ რაოდენობას.
კანონპროექტი არის დაბალანსებული იმ მხრივ, რომ ორი სიკეთე, ორი პერსპექტივაა. ერთი მხრივ, ეს არის სახელმწიფოს მხრიდან ჰუმანურობის გამოჩენა და პატიმრებისთვის შესაძლებლობების მიცემა, გაითვალისწინონ სახელმწიფოსა და საზოგადოების ეს ჰუმანური მიდგომა და იყვნენ თავისუფლებაზე. მეორე მხრივ, ეს არის საზოგადოების ინტერესი, რომ იყოს დაცული უსაფრთხოება და მართლწესრიგი. ამიტომ ჩვენ ძალიან დეტალურად გავიარეთ ეს საკითხი. მადლობა კიდევ ერთხელ აღმასრულებელი ხელისუფლების, გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებს. განსაკუთრებული მადლობა ადამიანის უფლებათა კომიტეტს, რომელმაც ამაზე ინტენსიურად იმუშავა. ვფიქრობ, არის ძალიან დაბალანსებული პროექტი, რომელიც დაახლოებით 10 პროცენტამდე პატიმარს მისცემს შესაძლებლობას, დაუყოვნებლივ გამოვიდეს თავისუფლებაზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, – ოპონენტები ამბობენ, რომ ნაწილი არ ჩაერთვება ამ პროცესში და ფიქრობენ, რომ ეს არის წინასაარჩევნოდ ხმების მოსყიდვის მცდელობა, – პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციის ნაწილს, ვინც ასე ფიქრობს, შეუძლია, მხარი დაუჭიროს ამნისტიის პროექტს და თავადაც მიიწერონ, როგორც პოზიტიური ნაბიჯი.
„თუკი ასე ფიქრობენ, მოვიდნენ და მხარი დაუჭირონ ამნისტიას. თავადაც ხომ მიიწერენ მაშინ ამას, როგორც პოზიტიურ ნაბიჯს, თუკი ასე ფიქრობენ. ეს არის გაუგებარი. ამით აღიარებენ, რომ ეს არის საზოგადოების ინტერესში და საზოგადოების მოწონებით სარგებლობს ეს ინიციატივა, მოვიდნენ და მხარი დაუჭირონ. თავადაც თუ ფიქრობენ, რომ ეს, შესაძლოა, საარჩევნოდ წაადგეს რომელიმე პოლიტიკურ გუნდს, მათაც ხომ წაადგებათ? ნაცვლად ამისა, კრიჭაში უდგებიან საზოგადოებას, პარლამენტს, იმიტომ, რომ არ აჩვენონ, საერთო ჯამში, თანამშრომლობის რაიმე ნაირსახეობა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.