შალვა პაპუაშვილი - ამნისტია გარკვეულწილად პატიების, შეწყალების აქტია, ჩვენ აქტს მივიღებთ, მელიას თუ უნდა, მაინცდამაინც ციხეში იჯდეს, რა ვქნათ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დღეიდან იწყება მუშაობა ამნისტიის კანონზე. პაპუაშვილის თქმით, პროექტი თანამშრომლობის შედეგად შემუშავდება და სამშაბათს დაინიცირდება.
„შეთანხმების ხელმოწერისთანავე, შეთანხმების ხელმომწერი დეპუტატები შედიან პარლამენტში და აქტიურად ერთვებიან პარლამენტის მუშაობაში. ეს ნათელია და ამაზე ყველა შევთანხმდით, მათ შორის, გუშინ საღამოს. ამიტომ, დღეიდან ჩვენს კოლეგებთან ერთად ვიწყებთ მუშაობას ამნისტიის კანონზე. რა თქმა უნდა, ეს პროექტი თანამშრომლობით იქნება შემუშავებული და სამშაბათს მოხდება ინიცირება, მათ შორის, ჩვენი კოლეგები სამშაბათს უკვე დაესწრებიან სხდომას. მოხდება ინიცირება და შემდეგ რეგლამენტით გათვალისწინებული სამი მოსმენა.
დაჩქარებული წესით ეს კანონი ვერ მიიღება, ვინაიდან არის ახალი კანონი. დაჩქარებული წესით ხდება მხოლოდ ცვლილებების მიღება, თუმცა, შევეცდებით, შეძლებისდაგვარად შემჭიდროვებულ ვადებში იქნას მიღებული. დაახლოებით, სამი კვირა, ერთ თვემდე დასჭირდება. ჩვენ კოლეგებთან ერთად შევიმუშავებთ კანონპროექტს, იქნება სამუშაო შეხვედრა, თუ იმეილებით გაცვლა, მაგრამ ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმია. იმედია, დღეს უკვე იქნება შეხვედრა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე განმარტებით, ამნისტია შეეხება 20 ივნისთან დაკავშირებით ყველა იმ პირს, რომელსაც ბრალი აქვს წაყენებული და სისხლის სამართლის საქმეები მიმდინარეობს.
„ეს შეეხება როგორც ნიკა მელიას, ისე მასთან ერთად ძალადობაში ბრალდებულ სხვა პირებს, ასევე პოლიციელებს“, – დასძინა შალვა პაპუაშვილმა.
გარდა ამისა, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ახლა უკვე ცდილობენ, ხელი შეუშალონ შეთანხმების შესრულებას.
„გუშინწინ ჩაიშალა „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ დესტრუქციული დღის წესრიგი, განიცადა მარცხი და ახლა აცნობიერებენ ამას. მათ მიერ შეთანხმების ჩაშლის წინა მცდელობები შედეგიანი იყო, ამ ჯერზე მათ ყველანაირი შესაძლებლობა ჩაეკეტათ, შეთანხმება შედგა და ახლა, როგორც ჩანს, ისინი ცდილობენ, ხელი შეუშალონ ამ შეთანხმების შესრულებას, ჩაშალონ მისი აღსრულება.
გარწმუნებთ, რომ აქაც მათ ყველანაირი გზა ჩაეკეტებათ. კერძოდ, რაც ეხება გირაოს, ევროკავშირი მზად არის, გადაიხადოს და თუ ნიკა მელია, „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, თუ ვინც არის მის გარშემო შემოკრებილი, უარს აცხადებენ, ევროკავშირის ეს ნაბიჯი მიიღონ, გამოდის, რომ უნდა შევიწყალოთ. ამნისტია გარკვეულწილად პატიების აქტია პარლამენტის მხრიდან და მასაც სავარაუდოდ, არასამართლიანად თვლის, არ ვიცი, აპირებს თუ არა, დაეთანხმოს, თუმცა ეს ბოლოსდაბოლოს არის მისი გადასაწყვეტი. მეტი არც ერთი გზა არ არის.
გუშინ საღამოს კიდევ ერთხელ დაისვა კითხვა, სხვა გზები ხომ არ არსებობს და შარლ მიშელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეთანხმება მიღწეულია, ხელი მოწერილია და ყველამ კეთილსინდისიერად უნდა შეასრულოს. „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელი არ აქვს მოწერილი და ახლა ცდილობენ, რომ ეს შეთანხმება ჩაშალონ. ამის მიუხედავად, გირაო მაინც იქნება გადახდილი ევროკავშირის მიერ და ნიკა მელიას დარჩება შესაძლებლობა, თუ სურს, მალე გამოვიდეს ციხიდან, ეს გირაო მიიღოს, თუ არ მიიღებს, ამნისტიის კანონი მაინც იქნება მიღებული. ჩვენ ამ პატიების აქტს მივიღებთ და თუ მას არ სურს და უნდა, მაინცდამაინც ციხეში იჯდეს, რა ვქნათ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.