შალვა პაპუაშვილი - ამერიკელ ხალხს, 30 წელია, ვემეგობრებით და გვერდით ვუდგავართ, ბევრი გვაქვს გაკეთებული და ამის საპასუხოდ, საქართველოს დამცირების მცდელობას ვხედავთ
კონგრესში, სამწუხაროდ, ანტიქართული განცხადებების ნიაღვარი ვნახეთ. ამერიკელ ხალხს, 30 წელია, ვემეგობრებით და გვერდით ვუდგავართ, ამერიკელი ხალხისთვის ბევრი გვაქვს გაკეთებული და ამის საპასუხოდ, საქართველოს დამცირების მცდელობას ვხედავთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აშშ-ის კონგრესში გამართული მოსმენის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, სამწუხაროა, როდესაც ისმის დეზინფორმაცია მიხეილ სააკაშვილთან, არჩევნებთან დაკავშირებით.
„სამწუხაროდ, კონგრესში ანტიქართული განცხადებების ნიაღვარი ვნახეთ. ამერიკელ ხალხს, 30 წელია, ვაჩვენებთ მეგობრობას და გვერდში დგომას. ამერიკელი ხალხისთვის ბევრი გვაქვს გაკეთებული და ქართველი ხალხი გვერდით დაუდგა, მათ შორის, საერთაშორისო მისიებში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მაშინ, როდესაც ნატო-ს ბევრი წევრი ქვეყნის წარმომადგენლები ავღანეთში შტაბიდან ცხვირს არ ყოფდნენ გარეთ, ქართველი ჯარისკაცები, ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად, წინა ხაზზე იბრძოდნენ. ამის საპასუხოდ, ვხედავთ საქართველოს ასეთი დამცირების მცდელობას, ეს არის, რა თქმა უნდა, სამწუხარო. სამწუხაროა, როცა ვხედავთ, დეზინფორმაციას მიხეილ სააკაშვილთან, არჩევნებთან დაკავშირებით, როდესაც ვხედავთ, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ცდილობენ, დაამცირონ საკუთარი სამშობლო უცხო ქვეყანაში მისი დასმენით და მისი გასამართლების პროცესის მოწყობით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება არჩევნებს, როგორც შალვა პაპუაშვილი აცხადებს, არჩევნებში დაცვა ოპოზიციის და ზოგიერთი „ენჯეოს“ მხრიდან იქნება საჭირო, რომელმაც 2020 წელს არჩევნების შედეგების გაყალბება სცადა.
„ზუსტად ეს ხალხი, „ენჯეოები“ და ოპოზიცია იყვნენ შეკრულნი მაშინ საქართველოს წინააღმდეგ, როდესაც გააყალბეს პარალელური დათვლის შედეგები, და შეგახსენებთ, ამის შესახებ იცოდა დონორმა და უმალავდა ქართველ ხალხს და ხელისუფლებას, რომ პარალელური დათვლის შედეგები იყო მცდარი. გვიმალავდნენ როგორც „ენჯეო“, ისე მისი დონორი. ასევე შეგახსენებთ ბიულეტენებს და სხვა. შეგახსენებთ 4 ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფის პირველ დასკვნას, რომელმაც შეაფასა 2020 არჩევნები ყველაზე არადემოკრატიულ არჩევნებად, და მათ განცხადებას, სადაც, თუ არ ვცდები, სამი თუ ოთხი პუნქტი იყო და ყველა იყო ტყუილი. PVT იყო ტყუილი, თითქოს გვიან გამოქვეყნდა შედეგები, თითქოს რვა პროცენტზე მეტობა იყო და ამ ყველაფერს აკეთებდნენ „ენჯეოები“ და დუმდნენ მათი დამფინანსებლები, რომლებმაც მაშინ წაახალისეს არჩევნების შედეგებზე ყალბი დასკვნების დადება. ის, რომ PVT-ს შედეგები იყო მცდარი, მათ შორის, იცოდა USAID-მა და გვიმალავდა როგორც ხელისუფლებას, ისე ქართველ ხალხს. პირადად მქონდა შეხვედრა USAID-ის წარმომადგენელთან და მან პირდაპირ მოგვატყუა, რომ ყველაფერი იყო სწორი და არაფერი შეცდომა არ იყო და შემდეგ, სამ დღეში აღიარა ISFED-მა, რომ ავრცელებდა ყალბ ინფორმაციას PVT-სთან დაკავშირებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ქართველი ხალხი არჩევნებზე მიდის ძალიან მტკიცე და ცხადი წარმოდგენით, თუ რასთან აქვს საქმე.
„არჩევანი იქნება ორ საკითხს შორის – გვინდა, გვქონდეს ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფო თუ გვინდა, ვიყოთ ვასალური სახელმწიფო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.