შალვა პაპუაშვილი - ამჟამინდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში აღარ არის წინა კარისა თუ ღია კარის დრო, საჭიროა გაბედული ნაბიჯები შესაბამის სტრატეგიულ გადაწყვეტილებასთან ერთად
დროა, ევროკავშირმა, როგორც გეოპოლიტიკურმა მოთამაშემ, სრულად გააცნობიეროს თავისი როლი და მხარი დაუჭიროს იმ ქვეყნების სუვერენულ არჩევანს, რომლებიც ისტორიულად ევროპულ ოჯახს განეკუთვნებიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პრაღაში, ევროკავშირის პარლამენტების სპიკერების ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო რჩება ევროკავშირის სანდო პარტნიორად და უსაფრთხოების საკითხებში მოკავშირედ.
„გასულ წელს საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებამ ევროკავშირთან ჩვენს ურთიერთობაში ახალ ეტაპს ჩაუყარა საფუძველი და საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაადგა. საქართველო რჩება ევროკავშირის სანდო პარტნიორად და უსაფრთხოების საკითხებში მოკავშირედ.
იმედი გვაქვს, რომ საქართველოს პროგრესი სათანადოდ იქნება შეფასებული და დაფასებული. გასულ წელს საქართველოს არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი და განცალკევებულ იქნა ასოცირებული ტრიოდან. ამჯერად, წელს მსგავსი ნეგატიური დიფერენციაციის თავიდან აცილება უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან მსგავსი განცალკევება აძლიერებს ჩვენს საერთო არაკეთილმოსურნეებს და რეგიონს აგრესორის წინაშე დაუცველს ტოვებს. საქართველო, როგორც პარტნიორი ქვეყანა, არა მხოლოდ მიმღებია ევროპული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სიკეთეების, არამედ მას თავადაც დიდი წვლილი შეაქვს ევროპის მიზნების განხორციელებაში, მათ შორის აფრიკაში ევროკავშირის ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების მისიებში მნიშვნელოვანი მხარდაჭერის უზრუნველყოფით. დღესდღეობით საქართველო ვაჭრობის ე.წ. შუა კორიდორის კრიტიკული და მნიშვნელოვანი ნაწილია, რაც, შესაძლოა, გახდეს ევროპული ოჯახებისთვის ალტერნატიული ენერგორესურსების მიწოდების ყველაზე უსაფრთხო და მოკლე მარშრუტი.
მზად ვართ, გავაგრძელოთ მუშაობა ევროკავშირთან შავი ზღვის დაკავშირებადობის გასაძლიერებლად, რათა შევქმნათ ენერგორესურსების მიწოდების, ტვირთების გადაზიდვისა და ციფრული კავშირების ალტერნატიული მარშრუტები, რაც მდგრადი ეკონომიკური ზრდისა და უფრო ძლიერი, მედეგი ევროპის აუცილებელი პირობაა. პატივცემულო კოლეგებო, ამჟამინდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში აღარ არის წინა კარისა თუ ღია კარის დრო. საჭიროა გაბედული ნაბიჯები შესაბამის სტრატეგიულ გადაწყვეტილებასთან ერთად. საქართველომ ისწავლა წარსულის გაკვეთილებზე. იმედი მაქვს, ევროკავშირიც გადააფასებს თავის როლსა და მნიშვნელობას. აღნიშნული ნაბიჯები და გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ევროპის მომავალი არქიტექტურის ჩამოყალიბებაში. იმედი მაქვს, წლის ბოლოს ვიზეიმებთ როგორც უკრაინის გამარჯვებასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ისე საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას. ეს იქნებოდა ფართო რეგიონში ევროპის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სტაბილიზაციის ეფექტის გავრცელების კიდევ ერთი ისტორიული ნაბიჯი“, – განაცხადა პაპუაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.