შალვა პაპუაშვილი - ამ ქვეყანაში ბევრს თამარ ჟვანიას მიმართ ბოდიში აქვს მოსახდელი, მათ შორის ოპოზიციას
ამ ქვეყანაში ბევრს თამარ ჟვანიას მიმართ ბოდიში აქვს მოსახდელი, მათ შორის ოპოზიციას, – ამის შესახებ განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის უარი, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიას წარუდგინონ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები, მეტყველებს იმაზე, რომ მათ არანაირი არგუმენტი არ აქვთ.
„ოპოზიციამ კიდევ ერთხელ უნდა დააფიქსიროს, სად იმყოფება. გუშინ ნახეთ, რომ ჩვენ დროებითი საგამოძიებო კომისიის ვადა გავაგრძელეთ, რომელიც მუშაობს არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე. თქვენ გახსოვთ, ოპოზიციამ პლენარულ სხდომაზე რა ისაუბრა: კომისია რაღატომ არის საჭირო, ხომ არსებობს 19 აპრილის შეთანხმება და მოდით, წინ გავიხედოთო. ოპოზიციამ ეს ქვეყანა 6 თვე აჯანჯღარა იმით, რომ იყო არჩევნები გაყალბებული და ახლა, როცა აქვს შესაძლებლობა, რომ საგამოძიებო კომისიით მტკიცებულებები წარმოადგინონ, ამაზე უარს ამბობენ. ეს აჩვენებს, რომ არანაირი არგუმენტი გაყალბებულ არჩევნებზე არ არსებობს. აქედან გამომდინარე, მათ ბოდიში უნდა მოუხადონ თამარ ჟვანიას და შემდეგ თამარ ჟვანია გადაწყვეტს, უნდა თუ არა წასვლა. ამ ქვეყანაში ბევრს თამარ ჟვანიას მიმართ ბოდიში აქვს მოსახდელი, მათ შორის ოპოზიციას, „სამართლიან არჩევნებს“ და სხვებს, ვინც მას დააბრალა ისეთი რაღაცები, რაც საბოლოო ჯამში, ვერაფრით ვერ დაამტკიცეს. ბოდიშს თუ არ მოიხდიან, სულ ცოტა იმის გამბედაობა მაინც ჰქონდეთ, რომ მივიდნენ და მას ჰკითხონ, არჩევნების შემდეგ ამ ადამიანმა რა გადაიტანა, მის მიმართ რა დონის შეტევა იყო პიროვნულად და ის მაინც მოიკითხონ, იმ დღეების განმავლობაში რას გრძნობდა ეს ადამიანი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.