შალვა პაპუაშვილი - ახლა არ არის დრო, რათა დაბნეულობა შევიტანოთ საზოგადოებაში, ამ ტრაგედიით ყველა დათრგუნულია, ყველას ვთხოვ, გადაუმოწმებელი ინფორმაცია არ გაავრცელონ
შალვა პაპუაშვილი - ახლა არ არის დრო, რათა დაბნეულობა შევიტანოთ საზოგადოებაში, ამ ტრაგედიით ყველა დათრგუნულია, ყველას ვთხოვ, გადაუმოწმებელი ინფორმაცია არ გაავრცელონ

მინდა, ყველას მივმართო, ახლა არ არის დრო, რათა დაბნეულობა შევიტანოთ საზოგადოებაში, ამ ტრაგედიით ყველა დათრგუნულია, ყველას ვთხოვ, გადაუმოწმებელი ინფორმაცია არ გაავრცელონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შოვში, სტიქიის ზონაში ყოფნისას განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, სტიქიასთან დაკავშირებით გუშინ სოციალურ ქსელსა და მედიასაშუალებებში არასწორი ინფორმაციები გავრცელდა.

„ახლა მნიშვნელოვანია, სამუშაოები გაგრძელდეს, ასევე მნიშვნელოვანია, საზოგადოების სოლიდარობა და კონსოლიდირება. მინდა, ყველას მივმართო, გადაუმოწმებელი ინფორმაცია არ გაავრცელონ. რამდენიმე საკითხს დავასახელებ, რომელიც, სამწუხაროდ, გუშინ გავრცელდა. რაღაც საკითხები იწვევს ხოლმე ისტერიას. გუშინ ვნახეთ, რომ ერთ-ერთმა ორგანიზაციამ გაავრცელა გარემოს დაცვის სააგენტოს 2021 წლის კვლევა, თითქოს ეს შეეხებოდა მდინარე ბუბას და ამ ტერიტორიას, თითქოს იყო ღვარცოფის საშიშროება. საუბარი იყო სხვა მდინარეზე, რომელიც სულ სხვა ხევია. გუშინ სოციალურ ქსელში ამას პანიკურად აზიარებდნენ, მათ შორის მედიის საშუალებით. მე მივმართავ „მწვანე ალტერნატივას“ ხელმძღვანელს, რომელიც იყო ამის ინიციატორი, მანაც დაწეროს, რომ მცდარი იყო ეს ინფორმაცია.

მეორე საკითხი, რაზეც იყო საუბარი, თითქოს კალაპოტი იყო შეცვლილი „სანსეტ შოვის“ მიერ. ესეც არის ტყუილი. კალაპოტი ნამდვილად არის შეცვლილი, ოღონდ 60-იან წლებში და არანაირი კავშირი ჩვენს თანამედროვეობასთან არ აქვს. ასევე გავრცელდა, თითქოს ორი დღის განმავლობაში გუბდებოდა წყალი და მდინარე ბუბაში ორი დღე წყალი არ იყო. ესეც არის ტყუილი. ჩვენ დღეს, სავარაუდოდ, გვექნება გეოლოგიური დასკვნა პროცესებთან დაკავშირებით. წინასწარი მონაცემებით, ადგილი ჰქონდა მოწყვეტას, საბოლოო პუნქტამდე ამ ღვარცოფული ქვა-ღორღის ჩამოშლას სულ რამდენიმე წუთი დასჭირდა, 5-6 წუთი და დაგროვებაც იყო ძალიან მცირე პერიოდშიც. ამაზეც გვექნება საბოლოო დასკვნა.

მინდა, ყველას მივმართო, ახლა არ არის დრო, რათა დაბნეულობა შევიტანოთ საზოგადოებაში. ყველა ამ ტრაგედიით დათრგუნულია, ამიტომ ახლა არის სოლიდარობის დრო და ყველას ვთხოვ, გადაუმოწმებელი ინფორმაცია არ გაავრცელონ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.