შალვა პაპუაშვილი - „აირაის“ საბოლოო ანგარიში ხაზს უსვამს, რომ დარჩენილია მხოლოდ ოპონენტების ჯგუფი, რომელიც ჯიუტად ცდილობს, არჩევნების შედეგები არ აღიაროს
შალვა პაპუაშვილი - „აირაის“ საბოლოო ანგარიში ხაზს უსვამს, რომ დარჩენილია მხოლოდ ოპონენტების ჯგუფი, რომელიც ჯიუტად ცდილობს, არჩევნების შედეგები არ აღიაროს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ტექნიკური შეფასების ანგარიშით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ არჩევნების შედეგებზე საქართველოს მოქალაქეების ნება აისახა.

პაპუაშვილის თქმით, „აირაის“ საბოლოო ანგარიში ხაზს უსვამს, რომ დარჩენილია მხოლოდ ოპონენტების ჯგუფი, რომელიც ჯიუტად ცდილობს, არჩევნების შედეგები არ აღიაროს.

„გუშინ ვნახეთ არჩევნებთან დაკავშირებით „აირაის“ საბოლოო ანგარიში, რომელშიც კიდევ ერთხელ განმეორდა ის, რასაც ვსაუბრობთ ჩვენ, რასაც საუბრობს ცესკო, რასაც საუბრობენ საერთაშორისო თუ ადგილობრივი დამკვირვებლები, რომ ამ არჩევნების შედეგებზე აისახა საქართველოს მოქალაქეების ნება, რომ ამ არჩევნებს მართალია, ჰქონდა ხარვეზები, მაგრამ არა ისეთი, რომელსაც შეეძლო, რაიმე გავლენა მოეხდინა შედეგზე. ამდენად, ამან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ დღესდღეობით მხოლოდ ერთადერთი ჯგუფი, ჩვენი ოპონენტების ჯგუფი არის დარჩენილი, რომელიც ჯიუტად ცდილობს, არ აღიაროს არჩევნების შედეგები, რადგან ვერ მიიღეს ის რეზულტატი, რასაც გეგმავდნენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ტექნიკური შეფასების ანგარიში გამოაქვეყნა.

IRI-ს ანგარიშის მიხედვით, შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებულ ხარვეზებს გავლენა არ მოუხდენიაარჩევნების საბოლოო შედეგებზე.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, „გაერთიანებული ოპოზიციის“ მიერ დაარსებულმა ხმის გაყალბების აღმოჩენის ცენტრმა, „როგორც ჩანს, ვერ მოახერხა საჭირო მტკიცებულებების შეგროვება საჩივრების დასადასტურებლად“.