შალვა პაპუაშვილი - აღარ გამოუვათ, გამჭვირვალობის კანონპროექტი ბნელი მეთოდებით ისე დაბრენდონ, რომ შინაარსზე არ ისაუბრონ
აღარ გამოუვათ, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი ბნელი მეთოდებით ისე დაბრენდონ, რომ შინაარსზე არ ისაუბრონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, „შარშან შეძლეს, რომ საზოგადოებისთან ბრენდებით ესაუბრათ და არ შესულიყვნენ შინაარსში, წელს კი მოუწევთ ამ დისკუსიაში შემოსვლა“.
„განხილვა იქნება ჩვეულებრივ ტემპში. იქნება სამი მოსმენა კომიტეტზეც, პლენარულ სხდომაზეც. მოვიდნენ და თქვან, რა აქვთ ამის საწინააღმდეგო? რა არის იმის საწინააღმდეგო, რომ ორგანიზაციები, რომლებიც მონაწილეობენ პოლიტიკის ჩამოყალიბებაში და ფინანსდებიან უცხოეთიდან, მათ საზოგადოებას უთხრან, ვისგან ფინანსდებიან, რა თანხით და რა მიზნებით? ამიტომ, თუკი რამე სათქმელი აქვთ, შემოვიდნენ დისკუსიაში და თქვან, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ არაფერი აქვთ სათქმელი. ხედავთ ისტერიის მცდელობას, მაგრამ საზოგადოებამ ეს კარგად იცის და თავს არ მოატყუებინებს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, საქართველოში რადიკალური ჯგუფების, პარტიების ფარული დაფინანსება გაიზარდა.
„მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ გვქონდა საუბრები დონორებთან. თავის დროზე იყო პირობა, რომ ყველაფერი გამჭირვალეა, თუკი რაიმე კიდევ არის აქ გასაკეთებელი, მეტად გაკეთდებოდა. სამწუხაროდ, ეს პირობა არ იქნა შესრულებული და ნაცვლად იმისა, რომ უფრო გამჭვირვალე ყოფილიყო საქართველოში უცხოური დაფინანსება, პირიქით, გაიზარდა ფარული დაფინანსება რადიკალური ჯგუფების, პარტიების.
მაგალითად, „დროას“ დაფინანსება გავიგეთ შემთხვევით, რადგან პარტიის ხელმძღვანელს წამოსცდა ერთ-ერთ პოსტში. აღმოჩნდა, რომ „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ აფინანსებდა მის წინასაარჩევნო კამპანიას მისი ყალბი „ენჯეოს“ გავლით. მას წამოსცდა, თორემ ჩვენ ვერც ვერასდროს გავიგებდით.
საუბარი, თითქოს ყველაფერი გამჭვირვალეა და სხდომათა დარბაზში დღესაც ვიღაცამ ახსენა, ეს არის აბსოლუტური ტყუილი. არავის არაფერი ევალება, ეს აბსოლუტური ტყუილია. აიღეთ, მაგალითად, „დროა“. გამოიკვლიეთ დაფინანსება, გაიგეთ ნებისმიერი სხვა ასეთი ორგანიზაციების შესახებ და ნახავთ, თუ მიაგნებთ მათი დაფინანსების წყაროებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, არის ფონდები, რომლებიც დაფინანსებით ზეგავლენას ახდენენ საქართველოში პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე და ამას უმალავენ საზოგადოებას.
„არის სიტუაცია, როდესაც უკვე პირდაპირ, უხეშად, ფარულად, უცხოური ფონდები აფინანსებენ საქართველოში პოლიტიკას. ჩვენ განცხადებაშიც ვთქვით, რომ ეს ყველაფერი არის იმ კონტექსტში, რომელიც უსაფრთოხების გამოწვევის სახით საქართველოს აქვს. შევხედოთ, როგორ რეგიონში ვართ, გარშემო რა ხდება და დავაკვირდეთ, რა გამოწვევები აქვს საქართველოს უსაფრთხოებას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკური დამოუკიდებლობის მხრივ. ამაზე პარტნიორებთან ბევრი ვისაუბრეთ. ბოლო პერიოდში, როდესაც მათთან მქონდა საუბარი გაუმჭვირვალობაზე, ამაზე პასუხი აღარც კი ჰქონდათ. ამიტომ ვამბობდი, რომ ყრუ კედელთან ვართ. ერთი მხრივ, ამას ეთანხმებიან და რაიმე საპასუხო არ არის, თითქოს გამჭვირვალე არის რაღაც დაფინანსებები. მაგალითად, „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ და ასევე „ეროვნული დემოკრატიული ფონდი“, ვეღარავინ ამბობს პარტნიორების მხრიდან, რომ ეს ფონდები გამჭვირვალეა. თუმცა, ამის იქით ვეღარ მივდივართ, ყრუ კედელია, სამწუხაროდ. მიუხედავად იმ პირობისა, რომელიც გვქონდა უცხოელი პარტნიორებისგან, სამწუხაროდ, ყრუ კედელია, იმ მხრივ, რომ არის აღიარება, რომ არის გაუმჭვირვალე, მაგრამ ამის იქით ვეღარ მივდივართ. რაც მთავარია, ეს გვეხება არა ჩვენ, არამედ საზოგადოებას. საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ არის ფონდები, რომლებიც თავიანთი დაფინანსებით ზეგავლენას ახდენენ საქართველოში პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე და ამას უმალავენ საზოგადოებას. არ იცის ხალხმა, ამა თუ იმ ორგანიზაციის უკან რა დგას.
ამიტომ, ამ საუბრების დროს აღარავინ უარყოფს, რომ არის გაუმჭვირვალე ფონდები, მაგრამ ამის იქით ვეღარ მივდიოდით და, რა თქმა უნდა, ეს არის სახელმწიფოს და საზოგადოების საკითხი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„ქართული ოცნება“ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს ხელახლა წარადგენს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კანონპროექტი პარლამენტში დაინიცირდება ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო დაინიცირებული, ერთადერთი განსხვავებით – კანონპროექტში ტერმინი „უცხოური აგენტი“ შეიცვლება და წარდგენილი იქნება შემდეგი ვარიანტი: „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.