შალვა პაპუაშვილი - ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები  თვალს ხუჭავენ, ვინაიდან შეკრული არიან სალომე ზურაბიშვილთან და რადიკალურ ოპოზიციასთან
შალვა პაპუაშვილი - ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები თვალს ხუჭავენ, ვინაიდან შეკრული არიან სალომე ზურაბიშვილთან და რადიკალურ ოპოზიციასთან

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე თვალს ხუჭავენ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, ვინაიდან შეკრული არიან სალომე ზურაბიშვილთან და რადიკალურ ოპოზიციასთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში, ბრიფინგზე განაცხადა.

შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან რამდენიმე სახის დარღვევა ფიქსირდება.

„პირველი – ე.წ. ქარტია, რომელიც არანაირად არ შედის პრეზიდენტის უფლებამოსილებაში, რომ ჩაერიოს პარტიების წინასაარჩევნო პროგრამის შედგენაში და მან, ფაქტობრივად, ამით შეადგინა საარჩევნო პროგრამა, რომელიც ამავე დროს საქართველოს აცხადებს ბანანის რესპუბლიკად, ამბობს რა, რომ ჩვენ, მოქალაქეებს, არ გვაქვს უნარი, ავირჩიოთ მთავრობა, რომელიც ოთხი წელი უხელმძღვანელებს ქვეყანას, ეს უნდა იყოს დროებითი მთავრობა, ვინაიდან მოქალაქეებს არ გვყოფნის იმის ჭკუა და გამჭრიახობა, ავირჩიოთ ისეთი ხელისუფლება, რომელიც გვინდა. ქალბატონმა სალომემ, მას შემდეგ, რაც მოიარა უცხოეთის სხვადასხვა დედაქალაქი, ჩამოვიდა პასუხით, რომ ქართველებს არ გვაქვს არჩევნის გაკეთების უნარი. ამიტომ შეადგინა რამდენიმეპუნქტიანი ქარტია, რომლის მთავარი არსი არის ის, რომ ეს იქნება დროებითი მთავრობა, რიგგარეშე არჩევნები და ასე შემდეგ. შიგნით რაც წერია, არის ის, რომ სხვისი დიქტატით მოქმედი ხელისუფლება უნდა იყოს, რომელიც უცხოელი ბიუროკრატების ნებისმიერ მითითებას დაემორჩილება;

მეორე დარღვევა – ქალბატონი სალომე ჩართული იყო და კვლავ არის პარტიების კოალიაციების შექმნაში, მათ შორის, სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფთან ჰქონდა კონსულტაციები. ამისთვის იყენებდა პრეზიდენტის სასახლეს, ადმინისტრაციულ რესურსს და იმ რესურსს, რომელიც არის, მათ შორის, ამ სასახლის ლოგისტიკური მხრივ, რაც არის ასევე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ამაზე თვალს ხუჭავენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რადგან თავად არიან ამ შეთქმულების ნაწილი;

მესამე – არჩევნების დღეს ე.წ. საკოორდინაციო პლატფორმის დაანონსება. შემდეგ შეეცადნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომ რაღაცნაირად გამოეყვანათ ქალბატონი სალომე ამ მდგომარეობიდან, მაგრამ არაფერი არ გამოუვათ აქედან. მან პირდაპირ განაცხადა, რომ ეს პლატფორმა თუ ჯგუფი, რაც იქმნება 26 ოქტომბერს, არის იმისთვის, რომ დღის განმავლობაში დააკვირდეს არჩევნებს და ბოლოს აღნიშნოს გამარჯვება. ეს არის პირდაპირ პარტიული შტაბი, რომელიც იქმნება ჩვენი ფულით დაფინანსებულ ადმინისტრაციაში, ჩვენი ფული დაიხარჯება იმ ლოგისტიკაში, რათა ქალბატონმა სალომემ თავისი გემოვნებით იზეიმოს თავის გემოვნებაში მყოფი პარტიების გამარჯვება თუ არგამარჯვება. ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, რადგან ეს არის პარტიული შტაბი, რომლის მიზანიც არის გარკვეული პარტიის თუ პარტიათა ჯგუფის გულშემატკივრობა. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე „ენჯეოები“ თვალს ხუჭავენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.