შალვა პაპუაშვილი - ადგილი აქვს არა დეპუტატების ხელფასების ზრდას, ამ სიტყვის კლასიკური გაგებით, არამედ მის შესაბამისობაში მოყვანას იმ ანაზღაურებასთან, რაც საჯარო სექტორშია
პარლამენტის დეპუტატების ანაზღაურებებს რაც შეეხება, ეს არის არა ზრდა ამ სიტყვის კლასიკური გაგებით, არამედ შესაბამისობაში მოყვანა იმ ანაზღაურებასთან, რომელიც საჯარო სექტორშია და რომელიც არ მოხდა თავის დროზე, 2017 წელს, როდესაც დადგინდა კოეფიციენტები საჯარო სექტორში ანაზღაურებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, შესაბამისობაში არმოყვანამ შედეგად მოგვიტანა ის, რომ არათუ საჯარო სექტორში არის ბევრი დასაქმებული, ვისაც პარლამენტის წევრზე უფრო მაღალი ხელფასი აქვს, დღეის მდგომარეობით, თავად პარლამენტის აპარატში 50 თანამშრომელია, რომლებსაც პარლამენტის წევრებზე მაღალი ხელფასი აქვთ.
„ვინაიდან საჯარო სექტორში პირველი იანვრიდან არის 10%-იანი ზრდა, პირველი იანვრიდან 100-ზე მეტი თანამშრომელი იქნება მხოლოდ პარლამენტში, ვისაც ექნება უფრო მაღალი ხელფასი, ვიდრე პარლამენტის წევრს. მათ შორის არიან განყოფილების უფროსები, დეპარტამენტების უფროსები და ა.შ. ამიტომ ეს არის დისბალანსი, რომელიც შექმნილია იმის გამო, რომ 2017 წელს არ მოხდა პარლამენტის წევრების ანაზღაურების შესაბამისობაში მოყვანა.
რაც შეეხება თავად საკითხს, რომ არ იყოს უხერხულობა, პარლამენტის წევრებს არ ჰქონდეთ უხერხულობა გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით, რომ არ იყოს შემდეგ პოპულისტური კითხვები, თითქოს ახლა ხელფასს იზრდიან, ეს შეეხება მომავალ პარლამენტს, რა თქმა უნდა, წინასწარ ვერავინ განჭვრეტს, რომელი პარტია იქნება მომავალ პარლამენტში და, მით უმეტეს, ვერ განჭვრეტს კონკრეტულად, რომელი პარლამენტის წევრი რომელი პარტიიდან იქნება მომავალ პარლამენტში. ამიტომ მნიშვნელოვანია, ეს ანაზღაურებები მოვიდეს შესაბამისობაში საჯარო სამსახურთან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის დეპუტატებისთვის ხელფასების გაზრდის ინიციატივას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველ ნოემბერს დააინიცირა რეგლამენტში ცვლილების პროექტი, რომლითაც მომდევნო მოწვევის პარლამენტის დეპუტატებისთვის ხელფასების გაზრდაა გათვალისწინებული. ცვლილებები 2025 წლის პირველი იანვრიდან მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრებისთვის ამოქმედდება.
კერძოდ, პარლამენტის წევრს მიეცემა გასამრჯელო შემდეგი ოდენობით: პარლამენტის თავმჯდომარეს – 10 000 ლარი; პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს – 9 500 ლარი; პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს – 9 250 ლარი; კომიტეტის თავმჯდომარეს, ფრაქციის თავმჯდომარეს – 9 000 ლარი; კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ფრაქციის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს – 8 750 ლარი; კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს – 8 500 ლარი; პარლამენტის წევრს, რომელიც არ არის პარლამენტის თანამდებობის პირი – 8 250 ლარი.