შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ
ვენეციის კომისიის საბოლოო სხდომას ონლაინრეჟიმში პირადად ვესწრებოდი და ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ. რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, ანუ საარჩევნო კამპანიაში უცხო ქვეყნის მოქალაქის ჩართვის შემთხვევაში, სანქციების ნაწილს, ასეთი რეგულაციის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშანი არ ისმის, დღესაც სანქცირებულია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.
მისივე თქმით, ვენეციის კომისიის შენიშვნებს აუცილებლად გაითვალისწინებენ და კანონპროექტზე მუშაობას განაგრძობენ.
„პრობლემა ისაა, რომ დღევანდელი რეგულაციით, ის ორგანიზაცია თუ პარტია, რომელიც იყენებს უცხო ქვეყნის მოქალაქეს თავის წინასაარჩევნო კამპანიაში და აგიტაციის დროს, ორი ათასი ლარით ჯარიმდება. მათ შორის ეს არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნაში ჯერ კიდევ 2018 წლის არჩევნებზეც იყო. მაგალითად, „ისფედის“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ პოზიცია იყო, რომ არ არის ეფექტური სანქცია და ამიტომ სანქცია იყოს იმ ორგანიზაციის, პარტიის წინააღმდეგ, რომელიც უცხოეთის მოქალაქეს იყენებს.
რეგულაციის არსი სწორედ ამაში მდგომარეობდა, რომ სანქცია მოქმედებდეს ამ ორგანიზაციის თუ პარტიის წინააღმდეგ. რეგულაცია იყო, რომ იმ შემთხვევაში, თუ იყენებს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, მოხდეს ამ პარტიის მოხსნა საარჩევნო რეგისტრაციიდან. რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს და ასეთი რეგულაციის ლეგიტიმურობას, აქ კითხვის ნიშანი არ არის. მათ ჰქონდათ წუხილი მათ შორის ზეპირი მოსმენის დროსაც თქვეს ამასთან დაკავშირებით, რომ არ მოხდეს კანონის ინსტრუმენტალიზირება (გამომდინარე არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან, რომელიც საქართველოში გვაქვს და ის პოლარიზაცია, რომელიც არსებობს, ოპოზიციური პარტიების ნაწილი პარლამენტში არ შემოდის). მეორე შენიშვნა იყო, ხომ არ არის ზედმეტად მკაცრი პირველივე შემთხვევაში პარტიის საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნა. ჩვენ ამასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს გავეცანით, რასაც გავითვალისწინებთ და ამ პროექტზე მუშაობას გავაგრძელებთ. უახლოეს პერიოდში გაცნობებთ, საბოლოო ჯამში როგორი სახე მიეცემა ამ კანონპროექტს.
სხვადასხვა შესაძლებლობაა, არის შესაძლებლობა, რომ იყოს ეტაპობრივი. ვთქვათ, იყოს ჯერ ჯარიმა. ვარიანტები არსებობს, მათ შორის ვენეციის დასკვნაშივე ამოიკითხავთ ამ ვარიანტებს. მაგალითად, მითითებულია, რომ შეიძლება იყოს უფრო მკაცრი ფინანსური სანქციები პარტიის ან ორგანიზაციის წინააღმდეგ. ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს აუცილებლად გავითვალისწინებთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება პარტიების დაფინანსების საკითხს, პაპუაშვილი ამბობს, რომ პროექტის მიხედვით, სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტა უნდა მოხდეს. მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებითაც პროექტზე მუშაობას ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად გააგრძელებენ.
„მეორე პროექტი შეეხებოდა იმ სიტუაციას, რაც დღეს გვაქვს, შემთხვევა, როდესაც პარტიები არიან საბოტაჟის რეჟიმში და არ იყენებენ იმ მანდატს, რომელიც მათ მოქალაქეებმა მიანიჭეს. პროექტის მიხედვით, უნდა მოხდეს სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტა. თუკი პარტია გადის დემოკრატიული სისტემიდან, პროცესიდან, არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტს – პარლამენტს და არჩევნებს, ამ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეები არ უნდა დავავალდებულოთ, რომ ფინანსურად შეინახონ ასეთი პარტია. ვენეციის კომისიაში სამართლებრივი კუთხით ამ რეგულაციის ლეგიტიმაციის პრობლემას ვერ ხედავენ. თუმცა აქაც გამოთქმულია იგივე წუხილი არსებული სიტუაციუდან გამომდინარე, რომ არ იყოს მორგებული დღევანდელ რეალობას. აქაც ზუსტად იგივე მიდგომა გვექნება. გავაგრძელებთ პროექტზე მუშაობას და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.