შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ სტიქიის ადგილას გეოლოგები მუშაობენ და შეეცდებიან, უმოკლეს დროში ჰქონდეთ პასუხები, რამ გამოიწვია ასეთი მასშტაბის სტიქიური მოვლენა
შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ სტიქიის ადგილას გეოლოგები მუშაობენ და შეეცდებიან, უმოკლეს დროში ჰქონდეთ პასუხები, რამ გამოიწვია ასეთი მასშტაბის სტიქიური მოვლენა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ სტიქიის ადგილას გეოლოგები მუშაობენ და შეეცდებიან, უმოკლეს დროში ჰქონდეთ პასუხები, რამ გამოიწვია ასეთი მასშტაბის სტიქიური მოვლენა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა შოვში, სტიქიის ზონაში ყოფნისას აღნიშნა, გეოლოგებს აქვთ პროფესიული კონტაქტები, მუშაობენ და ხდება ინფორმაციის გაანალიზება, დამუშავება.

„სტიქიის ზონაში მუშაობენ გეოლოგები, ვესაუბრე მათ და შეეცდებიან, უმოკლეს პერიოდში ჰქონდეთ პასუხები. აქვთ ფოტოსურათები, სატელიტური სურათები, მათ შორის მაღალი გარჩევადობის სატელიტური სურათები, სხვა ქვეყნებიდან დაგვეხმარებიან. აქვთ პროფესიული კონტაქტები და მუშაობენ შესაბამისად, სადაც არის ეს ინფორმაცია და ყველაფერს უკვე იღებენ. ხდება ამის დამუშავება, გაანალიზება, სპეციალური დათვლა და ამ ყველაფერზე გვექნება პასუხი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი მოუწოდეს ყველას, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან.

„მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა რამდენიმე ტყუილს. პირველი ტყუილი – თითქოს რაღაც დასკვნა არის 2021 წლის და რეკომენდაციები არის სწორედ ამ ხეობასთან დაკავშირებით, რაც არის აბსოლუტური ტყუილი. ის ეხება არა ბუბისწყალს და ამ ხეობას, არამედ ეხება დღვიორას, რომელიც არის ქვემოთ და არანაირი კავშირი ამ მოვლენასთან არ აქვს. ამიტომ ყველას ვთხოვ და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ „მწვანე ალტერნატივას“, რომელიც ამ დეზინფორმაციის წყარო იყო, რომ თავადვე უარყოს;

მეორე საკითხია, თითქოს ორი დღე ხდებოდა დაგროვება ამ მასის და შემდეგ წამოვიდა, რაც აბსოლუტურად მცდარი მოსაზრებაა. მოწყვეტილ მასას სულ რამდენიმე წუთი დასჭირდა, რომ დაეფარა მთლიანად ეს ტერიტორია. რაც შეეხება დაგროვებას, აქ შეიძლება უბრალოდ საათებზე იყოს საუბარი და არანაირ ორ დღეზე. ამიტომ ესეც აბსოლუტურად გამორიცხულია და კალაპოტის შეცვლაზე კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს არის 60-იან წლებში შეცვლილი კალაპოტი. არაფერი არ შეცვლილა იქ თანამედროვე პერიოდში. რომც ყოფილიყო ეს კალაპოტი შეცვლილი, თქვენც ნახეთ, უბრალოდ იმხელა მასა არის მიწის, რომ არ არსებობს კალაპოტი, რომელიც ამას გაატარებდა. ამიტომ კიდევ ერთხელ, ჩვენ ველოდებით ანალიზს, დასკვნას გეოლოგების.

კიდევ ერთი ტყუილი, რაც ითქვა, თითქოს 2 დღე წყალი არ მოდიოდა ბუბასწყალშიო თუ დაწეული იყოო, ესეც ტყუილია, ვინაიდან სენსორი დაყენებული არის გლოლის გასასვლელ ხიდთან და გაზომვებიც იქნა ნანახი ბოლო დღეების. არანაირი ცვლილება არ არის. მართალია, ეს არის ჭანჭახის წყალი, მაგრამ მას უერთდება, მისი შენაკადი არის ბუბასწყალი, ამიტომ იქ თუ წყალი დაშრებოდა, არ იქნებოდა, დაიკლებდა, ისიც, რა თქმა უნდა, აჩვენებდა. ამიტომ ესეც ტყუილია. როდესაც საუბარია იმაზე, რომ მოწყვეტიდან სამ წუთში რაღაც მოვლენა ხდება, აქ არანაირი სენსორი ამ საკითხს არ შველის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.