შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები „ქართული ოცნების“ ხელვაჩაურის შტაბში შეიჭრნენ
შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები „ქართული ოცნების“ ხელვაჩაურის შტაბში შეიჭრნენ

პარტია „ქართული ოცნების“ წევრი შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ დღეს დილით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ხელვაჩაურის შტაბში შეიჭრნენ.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მიიტანეს კანდიდატის დახეული პლაკატი და ყოველგვარი ფაქტობრივი მტკიცებულებების გარეშე გამოიყენეს მიზეზად, რომ მძიმე პროვოკაცია მოეწყოთ.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ აჭარაში მომხდარ მძიმე პროვოკაციას. დღეს დილით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ მიხეილ ბოლქვაძე, მაჟორიტარობის კანდიდატი ამირან თედორაძე, პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატები: მალხაზ თავდგირიძე, მერაბ ვარშალომიძე და ნიკა ნაგერვაძე, აქტივისტებთან და საკუთარ მედიასაშუალებებთან ერთად, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ხელვაჩაურის შტაბში შეიჭრნენ! გაუგონარია, უშუალოდ ის საბაბი, რომელიც ჩვენ ოფისში შესაჭრელად პროვოკატორებმა გამოიყენეს. მათ მიიტანეს კანდიდატის დახეული პლაკატი, რომელიც უდიდესი ალბათობით თავად დააზიანეს და შემდეგ, ყოველგვარი ფაქტობრივი მტკიცებულებების გარეშე გამოიყენეს მიზეზად, რომ ეს მძიმე პროვოკაცია მოეწყოთ, რაც მათ საბოლოო ჯამში ვერ შეძლეს.

ჩვენ კარგად გვახსოვს, თუ როგორ მიმართავდნენ მსგავს პრაქტიკას შარშანაც, როდესაც ჩვენი ოფისების ეზოებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე ცდილობდნენ პროვოკაციების მოწყობას. დღეს კი უფრო შორს წავიდნენ და პროვოკაციის მოსაწყობად არა თუ ჩვენი შტაბის ეზოში, უშუალოდ შტაბში შევიდნენ. ვაზუსტებ, რომ საუბარია არა მხოლოდ ტელევიზიების წარმომადგენლებზე, არამედ მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებზე და მათ აქტივზე. ეს არის გაუგონარი თავხედობა, რომელიც მიმართულია იმისაკენ, რომ უკონტროლო პროცესები გამოიწვიონ და დაძაბულობის დონემ პიკს მიაღწიოს. ამასთანავე, ხაზგასმით აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო დღეებში, ქარელში – „მთავარი არხის“ მიერ მოწყობილი პროვოკაციის კვალდაკვალ, ამ შემთხვევაშიც ცდილობდნენ ისეთი ლოკაციის შერჩევას, სადაც, არის მეორე სართულიდან ჩასასვლელი კიბეები, რომელსაც ზედა მხარეს საერთოდ არ გააჩნია მოაჯირი და საიდანაც, მათ მიერვე პროვოცირებული შესაძლო არეულობის დროს, ადვილად შეიძლება გადავარდნილიყო ადამიანი. ეს კი იმისთვის სჭირდებათ, რომ შექმნან აპოკალიპტური სურათი, თითქოს „ქართული ოცნების“ ოფისებიდან ხალხს მეორე სართულიდან „ყრიან“. აქვე გაცნობებთ, რომ ყველა ამ მასალას როგორც ვიდეო ასევე ფოტო მასალას მოგაწვდით.

მსურს, ვისარგებლო შესაძლებლობით და დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი შტაბის წევრებს, რომლებმაც თავი შეიკავეს და არ აჰყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოწყობილ პროვოკაციას. მესმის რომ ეს არის ურთულესი მოსათმენი, მაგრამ ამას ხედავს ქართული და საერთაშორისო საზოგადოება და ჩვენი ვალია ვიმოქმედოთ მხოლოდ და მხოლოდ კანონის ფარგლებში. ჩვენი შტაბების ყველა წევრს მოვუწოდებთ იყვნენ ფხიზლად და ნებისმიერი მცირე პროვოკაციაც კი, ისევე როგორც დღეს, დააფიქსირონ ვიდეო და ფოტოგადაღების მეშვეობით. კიდევ ერთხელ განვმეორდები, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებები იყო მიზანმიმართული და თავხედური პროვოკაცია, რომელსაც ჩვენ კანონის ფარგლებში აუცილებლად გავცემთ პასუხს. აქვე მივმართავ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს – ნუ ცდიან ხალხის მოთმინებას, რომელსაც მართლაც გააჩნია საზღვარი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.