შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ მოსამართლეების შერჩევის პროცესში მონაწილეობაზე უარის თქმით ოპოზიცია 19 აპრილის შეთანხმებას არღვევს
შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ მოსამართლეების შერჩევის პროცესში მონაწილეობაზე უარის თქმით ოპოზიცია 19 აპრილის შეთანხმებას არღვევს

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესში მონაწილეობაზე უარის თქმით არღვევს 19 აპრილის შეთანხმებას.

პაპუაშვილის განცხადებით, შეთანხმების მიხედვით, ოპოზიციის მიმართ ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება პარლამენტში შესვლა და პროცედურებში ჩართვა იყო.

„მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესში ოპოზიცია რომ არ მონაწილეობს, ამით არღვევს 19 აპრილის შეთანხმებას. იცით, რომ შარლ მიშელის შეთანხმებით ოპოზიციის მიმართ ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება იყო პარლამენტში შემოსვლა და პროცედურებში ჩართვა. ჩვენ 19 აპრილის შეთანხმებას ზედმიწევნით მივყვებით. სხვათა შორის, „ქართული ოცნება“ ერთადერთი პარტიაა, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებას ასრულებს. იცით, ამნისტიას ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა და ამით შეთანხმებას არღვევენ, ასევე საარჩევნო რეფორმას მხარი არ დაუჭირა „ლელომ“, რითაც შეთანხმება დაარღვია. მოსამართლეთა შერჩევის პროცესში არ მონაწილეობენ და ამითაც არღვევენ შეთანხმებას. ყველაფრის დამრღვევი არის ოპოზიცია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.