შალვა პაპუაშვილი - 9 მაისი იმ ადამიანების დღეა, რომელთაც გამარჯვება მოიტანეს, პატივი ვცეთ ჩვენს ვეტერანებს და ამ დღის მიმართ მათ დამოკიდებულებას
9 მაისი იმ ადამიანების დღეა, რომელთაც გამარჯვება მოიტანეს, პატივი ვცეთ ჩვენს ვეტერანებს და ამ დღის მიმართ მათ დამოკიდებულებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ეს არის მათი გამარჯვების დღე, რომელიც უნდა აღვნიშნოთ და არა ის დღე, რომელიც შეიძლება, სხვადასხვა პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, ვინმესთვის იყოს უფრო ხელსაყრელი.
„თარიღების საკითხი სამწუხარო რეალობაა დღევანდელი პოლიტიკური დისკუსიის მიერ მოტანილი. რა თქმა უნდა, რუსეთი 9 მაისით მანიპულირებს და საერთო ჯამში, თვითგამოცხადებული ქართველი მედასავლეთეებიც 8 მაისით მანიპულირებენ. 9 მაისი იმ ხალხის დღეა, ვისთან ერთადაც დღეს ამ სკვერში ვართ. ეს დღე არის იმ ადამიანების, რომელთაც ეს გამარჯვება მოიტანეს. შესაბამისად, დღე, როცა ისინი ზეიმობენ და მათ მოიტანეს გამარჯვება, მათი გამარჯვების დღეა და ამ დღეს აღვნიშნავთ. ამის გარშემო სხვა დანარჩენი, არის თარიღის ინსტრუმენტალიზება და თარიღებისთვის გარკვეული დატვირთვის მიცემა. მთავარია, პატივი ვცეთ ჩვენს ვეტერანებს და ამ დღის მიმართ მათ დამოკიდებულებას. ეს არის მათი გამარჯვების დღე, რომელიც უნდა აღვნიშნოთ და არა ის დღე, რომელიც შეიძლება, სხვადასხვა პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, ვინმესთვის იყოს უფრო ხელსაყრელი.
რაც შეეხება გამოწვევას, რომელიც კაცობრიობას ჰქონდა, მანამდეც არაერთხელ ისტორიულად, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დროს იყო მომენტი, როცა მთელი კაცობრიობა აღუდგა ფაშიზმს, ნაციზმს და შესაბამისად, დაამარცხა. რა თქმა უნდა, ეს გამოწვევები რჩება ჩვენი პლანეტის სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა ინტენსივობით, სხვადასხვა სიმძაფრით ვლინდება. ეს ბრძოლა იმ მომენტში იყო მოგებული, მაგრამ ომი ბოროტისა და კეთილის ყოველთვის გრძელდება. მნიშვნელოვანია, ამ თვალსაზრისით ყურადღება არავინ მოადუნოს და ყველა იყოს მზად იმისთვის, რომ კეთილსა და ბოროტს შორის ყოველთვის იქნება ასეთი ბრძოლა და ამ ბრძოლის წარმოება მოგვიწევს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.