შალვა პაპუაშვილი - 8 ნოემბერი ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერება, როგორც ჩვენი ქვეყნისა და ევროპის, საერთო ღირებულებების განუყოფლობის სიმბოლო, საქართველო ევროკავშირის მომავალი წევრია
შალვა პაპუაშვილი - 8 ნოემბერი ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერება, როგორც ჩვენი ქვეყნისა და ევროპის, საერთო ღირებულებების განუყოფლობის სიმბოლო, საქართველო ევროკავშირის მომავალი წევრია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დასაფასებელია ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის რეკომენდაციის გაცემა.

პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირმა შეუქცევადად აღიარა ევროპის ოჯახში საქართველოს სრულფასოვანი წევრობის მომავალი, კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროპის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს მისწრაფების მიმართ.

„გამოქვეყნდა ევროკომისიის წლიური ანგარიში გაწევრიანების ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს შესახებ. დასაფასებელია ევროკომისიის შეფასება და საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის რეკომენდაციის გაცემა. ევროკავშირმა შეუქცევადად აღიარა ევროპის ოჯახში საქართველოს სრულფასოვანი წევრობის მომავალი, კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროპის ურყევი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მისწრაფებების და ევროპული არჩევანის მიმართ. კიდევ უფრო განგვიმტკიცდა რწმენა, რომ ქართველი ერის თავგანწირულ ბრძოლას თავისუფლებისთვის ამაოდ არ ჩაუვლია და ის აუცილებლად მივა ლოგიკურ შედეგამდე, რომ საქართველოს, ევროპისა და მსოფლიოს მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის გაღებული მსხვერპლი სათანადოდ იქნება აღიარებული და დაფასებული, რომ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ასწლოვან მემკვიდრეობას და 1989 წლის 9 აპრილის გმირების მიერ დაწყებულ საქმეს ექნება ღირსეული გაგრძელება. სიმბოლურია, რომ დღეს საქართველოს უკვდავი შვილის, ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირის ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა. დღევანდელმა გადაწყვეტილებამ, რომელიც სიმართლის სიცრუეზე გამარჯვების დასტურია, წმინდა ილია მართლის განვლილ გზას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შესძინა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის განმარტებით, ევროკომისიის გადაწყვეტილება არის ძლიერი პასუხი საქართველოს ოკუპაციაზე, რომ საქართველო არ არის მარტო, მის გვერდით დგანან ევროპელი პარტნიორები და მეგობრები.

„ეს არის ევროკავშირის მიერ მისაღები სტრატეგიული გადაწყვეტილების პირველი ნაბიჯი. დღევანდელი დღე მყარ საფუძველს უქმნის საქართველოს უკეთეს მომავალს. ევროკომისიის გადაწყვეტილება ეკუთვნის ჩვენს აფხაზ და ოს თანამოძმეებს, ჩვენი მრავალეროვანი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს და ყველას, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ევროპული მომავალი. ეს ყველა ჩვენგანის საერთო მიღწევაა. არაერთხელ გვითქვამს, რომ წინა წლის ბუნდოვანმა გადაწყვეტილებამ ქართველი ხალხის არაკეთილისმსურველებს მისცა არასასურველი სპეკულაციების საშუალება. ჩვენი ხელისუფლების ყველა შტო ქვეყნის შიგნით თუ გარეთ მუხლჩაუხრელად მუშაობდა ქართული სიმართლის გამარჯვებისთვის, რამაც დღეს პირველი წარმატებული შედეგი გამოიღო. მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას და საქართველოს პარლამენტის წევრებს, ყველა საჯარო მოხელეს დაუღალავი შრომისთვის. მადლობას ვუხდი საქართველოს მეგობრებს და პარტნიორებს ევროპასა და მთელ მსოფლიოში. ევროკომისიის გადაწყვეტილება ყველა ჩვენგანის ერთიანმა, კოორდინირებულმა ძალისხმევამ მოიტანა. კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით სრულდება ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი. ამავე დროს, იწყება გრძელი გზა ევროკავშირის წევრობისკენ, სადაც ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ცოდნა, პროფესიონალიზმი და პატრიოტიზმი წარმატების აუცილებელი წინაპირობაა. ეს გზა ღიაა ყველასთვის, ვისაც სურს ქვეყნის ევროპული მომავლის მშენებლობაში საკუთარი გულწრფელი წვლილის შეტანა. 2023 წლის 8 ნოემბერი, და იმედია, ევროპული საბჭოს დეკემბრის გადაწყვეტილებაც, საქართველოს და ევროპის ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერება, როგორც ჩვენი ქვეყნისა და ევროპის, ჩვენი საერთო ღირებულებების, კულტურის, წარსულის, აწმყოსა და მომავლის განუყოფლობის სიმბოლო. საქართველო ევროკავშირის მომავალი წევრია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს ევროპულ საბჭოს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის ერთობლივ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.