შალვა პაპუაშვილი - 31 წლის წინ ქართველმა ერმა კიდევ ერთხელ, ხმამაღლა და მტკიცედ დაადასტურა, რომ თავისუფლება ჩვენი უპირველესი ღირებულებაა და ეს არასდროს შეიცვლება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოსახლეობას 1991 წლის 31 მარტის ისტორიული რეფერენდუმის გამართვიდან 31-ე წლისთავს ულოცავს.
„დღეს საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია – 1991 წლის 31 მარტის ისტორიული რეფერენდუმის გამართვიდან 31 წელი გავიდა. 31 წლის წინ ქართველმა ერმა კიდევ ერთხელ, ხმამაღლა და მტკიცედ დაადასტურა, რომ თავისუფლება ჩვენი უპირველესი ღირებულებაა და ეს არასდროს შეიცვლება. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის გადაწყვეტილებით, საქართველომ დაიწყო შეუქცევადი სწრაფვა თავისუფალი და დემოკრატიული სამყაროსკენ, იქ, სადაც ყოველთვის იყო მისი ბუნებრივი ადგილი.
ეს დღე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ ამ ისტორიული მოვლენის სულისჩამდგმელს, საქართველოს პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დღეს 83 წელი შეუსრულდებოდა. სწორედ მისი და მისი თანამებრძოლების თავდაუზოგავი ბრძოლის შედეგია თანამედროვე ქართული სახელმწიფო, რომელიც აუცილებლად იქნება ერთიანი, ძლიერი და ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი.
საქართველოს პარლამენტის სახელით, გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს თარიღებს!“,- ნათქვამია შალვა პაპუაშვილის განცხადებაში.