შალვა პაპუაშვილი - 26 ოქტომბრის შემდეგ ოთხი ოპოზიციური გაერთიანება ოფიციალურად გაფორმდა ერთ „ნაციონალურ მოძრაობად“, ამ „ნაცებთან“ ჩვენი დამოკიდებულება იქნება შესაბამისი
ოპოზიციას უცხოეთიდან კარნახით ჰქონდა შემუშავებული ტაქტიკა, რაც შეიძლება ბევრ პარტიას გადაელახა ბარიერი, ამიტომაც იდგნენ და არიან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, 26 ოქტომბრის შემდეგ ოთხი ოპოზიციური გაერთიანება ოფიციალურად გაფორმდა ერთ „ნაციონალურ მოძრაობად“.
„მათ უცხოეთიდან კარნახით შემუშავებული ჰქონდათ ტაქტიკა, რაც შეიძლება ბევრ პარტიას გადაელახა ბარიერი, რათა ამით პროპორციულად „ქართულ ოცნებას“ რაიმე ზიანი მიყენებოდა და არ ჰქონოდა უმრავლესობა. ეს იყო მათი ტაქტიკა, ამიტომაც იდგნენ ერთად და არიან ერთად. ხელოვნურად ისე ანაწილებდნენ ხმებს ერთმანეთზე, რომ ყველას შესძლებოდა 5%-იანი ბარიერის გადალახვა. მათ შორის, თავის თავს აკლებდნენ, სხვას უმატებდნენ, რათა ასე გაებევრებინათ და გაეზავებინათ არჩევანი.
რაც შეეხება პარლამენტში მათ ურთიერთქმედებას, არჩევნებით ოთხი პარტია, გაერთიანება საბოლოოდ, ოფიციალურად გაფორმდა ერთ „ნაციონალურ მოძრაობად“. 26 ოქტომბრის შემდეგ ყველანი „ნაცები“ არიან. ამიტომ ამ „ნაცებთან“ როცა გვაქვს ურთიერთობა, ჩვენი დამოკიდებულება იქნება შესაბამისი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.