შალვა პაპუაშვილი - 26 ოქტომბერი ჩვენი დამოუკიდებლობის მეორე რეფერენდუმია, ქუდზე კაცი უნდა გავიდეთ და ვთქვათ, გვინდა, ჩვენი ინტერესებით ვიმოქმედოთ, თუ სხვების ინტერესებს მივყვეთ
ეროვნული ინტერესები არის უპირველესი საზომი ყველა ღირსეული ერის, ღირსეული ქვეყნის და ღირსეული ხელისუფალის. ღირსებაა ჩვენი თვითმყოფადობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მცხეთაში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე განაცხადა.
მისივე თქმით, არჩევნებზე ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს და თავისი ღირსეული სიტყვა თქვას.
„ღირსებაზე როცა ვსაუბრობთ, პირველ რიგში, ვგულისხმობთ საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვას. უსამშობლო ძალები იმასაც კი ცდილობენ, რომ ეროვნულ ინტერესებზე საუბარი სათაკილო გახადონ. მათ გასაგონად, ვინც სხვის დროშას იფიცებს და სხვის ჰიმნს იზეპირებს, მინდა, ვთქვა: ეროვნული ინტერესები არის უპირველესი საზომი ყველა ღირსეული ერის, ღირსეული ქვეყნის და ღირსეული ხელისუფალის. ღირსებაა ჩვენი თვითმყოფადობა და მისი პატივისცემა, საკუთარი კულტურისა და ტრადიციების შეცნობა და გააზრება; ღირსებაა შენი წინაპრების ღვაწლის დაფასება; ღირსებაა შენი ოჯახის, მეგობრების, ქვეყნის სიყვარული; ღირსებაა გიყვარდეს შენი სამშობლო და მას აყენებდე ყველაფერზე მაღლა. ამიტომაც ჩვენი გზა არის და იქნება ღირსეული, რადგან ამის გარეშე ყველაფერი აზრს კარგავს, უბრალოდ ფუჭია.
ქართველი კაცი უაღრესად ამაყია და თავმოყვარე, ნიჭიერი და მშრომელი. სხვაგვარად არ გვექნებოდა ეს სიდიადე – ჯვარი, სვეტიცხოველი თუ სამთავრო. ჩვენი ვალია ამ ნიჭის გამოსავლენად საუკეთესო პირობების შექმნა. ჩვენ ჯერ კიდევ გვიწევს წინა ხელისუფლების მძიმე მემკვიდრეობის გამოსწორება. თუმცა დღეს ჩვენ უკვე გავანახევრეთ უმუშევრობა, სამჯერ შევამცირეთ სიღარიბე, გავაორმაგეთ ეროვნული შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე და ვართ ევროპის ლიდერი ქვეყანა ეკონომიკური ზრდის ტემპით. თითოეული ქართული ოჯახისთვის კეთილდღეობის არსებითად გაუმჯობესება არის ჩვენი დაპირებაც და მიზანიც, ვინაიდან მხოლოდ ეკონომიკურად ძლიერი საქართველო არის მშვიდობის, ერთიანობის და ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობა. საქართველოს ევროპული გზა სწორედ აქ, მცხეთაში განისაზღვრა და მას ისტორიული ბეჭედი ქრისტიანობამ მეოთხე საუკუნეში დაუსვა. დღეს, როცა ქართული ქრისტიანობის აკვანთან ვართ შეკრებილები, უნდა გვახსოვდეს და სხვებსაც, შინ და გარეთ, შევახსენოთ, რომ ევროპა და ევროკავშირიც ქრისტიანულ ღირებულებებზე აღმოცენდა. სწორედ ეს ევროპული ღირებულებები არის საქართველოს, როგორც ევროპული ცივილიზაციის თანაშემოქმედის მთავარი ღერძი და ჩვენი ხალხისთვის მიცემული პირობა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
ქვეყნის ისტორიაში იშვიათია მომენტები, როდესაც გადამწყვეტია მთელი ერის და ბერის, ქალის და კაცის, ახალგაზრდის და ასაკოვანის გამოსვლა და საკუთარი სიტყვის თქმა. თანამედროვე ისტორიაში ასეთი დღე ალბათ მხოლოდ დამოუკიდებლობის რეფერენდუმი იყო. მესამედი საუკუნის თავზე, 26 ოქტომბერს, ეს მომენტი ჩვენი ერის ცხოვრებაში კიდევ ერთხელ დადგება.
როგორც 1991 წლის 31 მარტს, ახლაც ქუდზე კაცი უნდა გავიდეთ და ვთქვათ: გვინდა, ვმართოთ თუ გვინდა, გვმართონ? გვინდა, ჩვენი ინტერესებით ვიმოქმედოთ თუ სხვების ინტერესებს მივყვეთ? გვინდა მშვიდობა და აღმშენებლობა თუ გვინდა ომი და ნგრევა? გვინდა, ღირსეულად გავაგრძელოთ საქართველოს ისტორია თუ გვინდა, ჩვენს შვილებს მხოლოდ წიგნებში ასწავლიდნენ, რომ „ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო?“ გვინდა მამული, ენა, სარწმუნოება თუ გვინდა, რომ ქართველებს სხვები გვიხსნიდნენ, რას გულისხმობდა ილია? სწორედ ამიტომ, 26 ოქტომბერი ჩვენი დამოუკიდებლობის მეორე რეფერენდუმია, სადაც ყველამ, ვისაც თავზე ქუდი და მანდილი ახურავს, თავისი ღირსეული სიტყვა უნდა თქვას: მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით, ევროპისკენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.