შალვა პაპუაშვილი - 24 თებერვლის აქციის დამგეგმავი ხალხი დაკავებულია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ცილისწამებით და ამ ადამიანების მიერ სოლიდარობის აქციის მოწყობა, სიტყვა „სოლიდარობის“ დაცინვაა
ამ პოლიტიკურ ჯგუფებს არ აინტერესებთ არც უკრაინა, არც საქართველო და, მით უმეტეს, არც ხალხი. მათ მხოლოდ ძალაუფლება აინტერესებთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 24 თებერვალს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის ნაწილი საბაბსა და ბერკეტს ეძებს, რომ რამენაირად საქართველოში სიტუაცია შეარყიონ.
„ამ აქციის ორგანიზატორები რა ხალხია, ვხედავთ – „დროა“ დაკავებულია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ პროპაგანდით. კვირა არ გადის, რომ ელენე ხოშტარიამ არ ჩაატაროს დეზინფორმაციით გაჟღენთილი ბრიფინგი და საკუთარ ქვეყანას არ დააბრალოს, რომ ხდება სანქციების გვერდით ავლა და ა.შ. ამით საზოგადოებაში ერთსაათიანი თუ ერთდღიანი მღელვარება გამოიწვიოს. შემდეგ ყოველ ჯერზე დასტურდება, რომ ეს არ მომხდარა. ამერიკის ელჩმაც კი დაადასტურა ეს საკითხი, რაც „დროას“ არ ესიამოვნა. ეს ხალხი დაკავებულია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ცილისწამებით და ამ ადამიანების მიერ სოლიდარობის აქციის მოწყობა, სიტყვა „სოლიდარობის“ დაცინვაა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.