შალვა პაპუაშვილი - 24 ივნისის შემდეგ ყოველი დღე არის უსამართლობა საქართველოს მიმართ, იმედი გვაქვს, წლის ბოლოს ევროკავშირი სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებას მიიღებს
შალვა პაპუაშვილი - 24 ივნისის შემდეგ ყოველი დღე არის უსამართლობა საქართველოს მიმართ, იმედი გვაქვს, წლის ბოლოს ევროკავშირი სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებას მიიღებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე ევროკავშირის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციებთან დაკავშირებით ისაუბრეს. მისივე თქმით, შეხვედრაზე აღინიშნა, რა სახის საქმიანობა გაწია პარლამენტმა პუნქტების შესასრულებლად  და რა ეტაპზეა პროცესი ახლა.

„შეხვედრა გვქონდა სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმასთან, რომელიც 200-მდე არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. ეს არის ევროკავშირთან ასოცირებული პლატფორმა, რომელიც სწორედ ამ საკითხებზე მუშაობს. ვისაუბრეთ 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რა საქმიანობა გაწია პარლამენტმა შარშან, სად ვართ ახლა, ჩვენი შეფასებით რომელი საკითხებია, რომლებსაც, ვფიქრობთ, უკვე სრულად ვუპასუხეთ, რომელი საკითხებია, რომლებიც რჩება ღიად. ამ დეტალებზე გვქონდა საუბარი. ღია საკითხებთან დაკავშირებით იცით, რომ დარჩენილია ომბუდსმენისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა. მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკური ჯგუფი იყოს მოწადინებული, მოხდეს შეთანხმება ფრაქციებს შორის. დიდი იმედი გვაქვს, საგაზაფხულო სესიის განმავლობაში შეთანხმება შედგება.

ასევე ორი პროექტია, ერთია სასამართლო რეფორმის პაკეტი, მეორე – დეოლიგარქიზაციის შესახებ პროექტი, რომლბზეც დასკვნას ველოდებით. ოფიციალურად არის ცნობილი, რომ მარტში იქნება დასკვნა და როგორც კი იქნება ვენეციის კომისიისა და ოდირის დასკვნა, ამ ორ მიმართულებასთან დაკავშირებით მსჯელობას განვაახლებთ. სხვა მხრივ, საარჩევნო რეფორმასთან, საპარლამენტო ზედამხედველობასთან, გენდერულ თემებთან დაკავშირებულ საკითხებსა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების გაზიარების საკითხებზე პარლამენტის მიერ, ფაქტობრივად, სრულად იქნა ნაპასუხები. დაველოდებით ევროკომისიის შეფასებებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოსთან დაკავშირებით ევროკომიის ანგარიში ცხადყოფს, რომ საქართველო ჯერ კიდევ ივნისში იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს.

„ჩვენ ამ დღეებში ვიხილეთ ევროკომიის შეფასება, რომელიც იყო კითხვარიდან გამომდინარე. მგონი, საზოგადოება დარწმუნდა, რომ საქართველო ჯერ კიდევ ივნისში იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. სხვათა შორის, ეს შეფასებები შევადარეთ კანდიდატი ქვეყნების შეფასებებს. მაგალითად, ბოსნია-ჰერცეგივინის, რომელმაც დეკემბერში მიიღო სტატუსი, მასაც საგრძნობლად ვუსწრებთ ჩვენი მონაცემებით. ამიტომ საქართველო ივნისშივე იმსახურებდა კანდიდატობას. შარშან, 24 ივნისიდან, როდესაც საქართველოს არ აქვს კანდიდატის სტატუსი, ყოველი დღე არის უსამართლობა საქართველოს მიმართ. ამიტომ იმედი გვაქვს, წელს ევროკავშირი სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებას მიიღებს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.