შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის ბოლოს შემდეგი მოწვევის პარლამენტს ინსტიტუცია უნდა შეხვდეს ორგანიზაციულად გამართული, თანამედროვე ინსტრუმენტებითა და გაუმჯობესებული კომპეტენციებით
2024 წლიდან პარლამენტის არჩევა მოხდება სრულად პროპორციული წესით, რაც მნიშვნელოვნად შეცვლის პარლამენტის მუშაობის სტილსაც. აღნიშნული საჭიროებს პარლამენტში ორგანიზაციული სტრუქტურის, ასევე საპარლამენტო ცხოვრების წესებისა და პროცედურების გაუმჯობესებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის 2022 წლის ანგარიში და 2023 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა.
შალვა პაპუაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას ასევე ისაუბრა პარლამენტის ორგანიზაციული მოწყობის შესახებ და აღნიშნა, რომ დაგეგმილია სამოქალაქო განათლების ცენტრის დაარსება, რომელიც იქნება სპეციალური სივრცე მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის, რათა ჰქონდეთ შესაძლებლობა, მეტი გაიგონ საპარლამენტო საქმიანობის, სახელმწიფო მოწყობის, დემოკრატიული ღირებულებებისა და ფასეულობების შესახებ.
„მოგეხსენებათ, 2024 წლიდან პარლამენტის არჩევა მოხდება სრულად პროპორციული წესით, რაც მნიშვნელოვნად შეცვლის პარლამენტის მუშაობის სტილსაც. ასევე, უკვე წლებია, იზრდება თანამედროვე განვითარებებისთვის პარლამენტის მხრიდან ფეხის აწყობის აუცილებლობა, იქნება ეს ციფრული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციის ახალი მიმართულებების დანერგვა თუ ჩართულობისა და ღიაობის ახალი ინიციატივების შემოტანა. აღნიშნული საჭიროებს პარლამენტში ორგანიზაციული სტრუქტურის, ასევე საპარლამენტო ცხოვრების წესებისა და პროცედურების გაუმჯობესებას, ორგანიზაციულ გაძლიერებას. ყველა ამ მიმართულებით 2022 წელი დაეთმო მოსამზადებელ სამუშაოებს და მიმდინარე წელს გავაგრძელებთ ამ პროცესს, რათა 2024 წლის ბოლოს შემდეგი მოწვევის პარლამენტს ინსტიტუცია შეხვდეს ორგანიზაციულად გამართული, თანამედროვე ინსტრუმენტებითა და გაუმჯობესებული კომპეტენციებით.
საქართველოს პარლამენტის ვიზიტორთა პროგრამის ფარგლებში, პარლამენტმა 2022 წლის განმავლობაში უმასპინძლა 327 ჯგუფს, 5 500-მდე ვიზიტორს. იმ მიზნით, რომ პარლამენტში თითოეული ვიზიტორის, განსაკუთრებით, ახალგაზრდების მიერ გატარებული დრო იყოს მაქსიმალურად ღირებული და დასამახსოვრებელი, მიმდინარე წელს ვგეგმავთ სამოქალაქო განათლების ცენტრის დაარსებას, რომელიც იქნება სპეციალური სივრცე მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის. ასაკობრივ კატეგორიებზე მორგებული სასწავლო მოდულების მეშვეობით მათ ექნებათ შესაძლებლობა, მეტი გაიგონ საპარლამენტო საქმიანობის, სახელმწიფო მოწყობის, დემოკრატიული ღირებულებებისა და ფასეულობების შესახებ, სიმულაციურ თამაშებში მონაწილეობითა და პროექტებზე ერთობლივი მუშაობით გამოიმუშაონ მოლაპარაკებების, გუნდური მუშაობის უნარები“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.