შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის არჩევნები იქნება დაკვირვების ობიექტი, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია დიდი ჩართულობა, ვინაიდან არჩევნების წინ დეზინფორმაციის დიდი ნიაღვარი იქნება
ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ 12-ვე რეკომენდაცია 100%-ით შესრულებულად გამოცხადდება არც საქართველოს, არც უკრაინის და არც მოლდოვის მიმართ, რადგან რეკომენდაციებში არის საკითხები, რომლებიც შეიძლება, ერთჯერადად გადაწყდეს, მაგალითად, სახალხო დამცველის არჩევა, მაგრამ, მაგალითად, დეპოლარიზაცია არ არის ერთჯერადი საკითხი, ეს არის განგრძობითი პროცესი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, გარკვეულ საკითხებს ევროკავშირი უფრო ხანგრძლივ ჭრილში აკვირდება, ისევე როგორც, მაგალითად, მოლდოვის შემთხვევაში საჯარო სამსახურის რეფორმას.
„ზოგადად, ჩვენი ინტეგრაციის პროცესი არის განგრძობითი პროცესი. წლები დასჭირდება ევროკავშირში ჩვენს გაწევრიანებას და ეს ყველა საკითხი იქნება ყოველთვის დღის წესრიგში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი აქვს.
„სხვა პასუხისმგებლობის დონეზე გადადის, მათ შორის, კანდიდატი ქვეყანაც და ევროკავშირიც უკვე სხვა ინსტრუმენტებს რთავს ამ ურთიერთობაში დაკვირვებისა და ანალიზისა. თავისთავად, 2024 წლის არჩევნები იქნება დაკვირვების ობიექტი. ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ იყოს დიდი ჩართულობა, ვინაიდან უკვე ვხედავთ აქედანვე რისკებს, რომ ეს იქნება არჩევნები, რომლის წინაც იქნება ძალიან დიდი ნიაღვარი დეზინფორმაციის. ვხედავთ, რომ ოპოზიციას არ აქვს რეალური დღის წესრიგი, ისინი ცდილობენ, რომ ემოციებზე იმუშაონ. არა მხოლოდ 2024 წლის არჩევნები, მომავალი არჩევნებიც იქნება მუდმივად დაკვირვების ობიექტი, ვინაიდან დემოკრატიული განვითარება ქვეყნის არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი კოპენჰაგენის კრიტერიუმებისა, რომლითაც, საბოლოო ჯამში, ქვეყანა უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.