შალვა პაპუაშვილი - 2022 წელს პარლამენტი პოლიტიკური ცხოვრების ცენტრი იყო, სამჯერ ვუმასპინძლეთ პრემიერ-მინისტრს, 17-ჯერ - მინისტრებს
2022 წლის განმავლობაში პარლამენტი აქტიურად ასრულებდა საზედამხედველო საქმიანობას მთავრობის წევრებისა და სხვა საჯარო ოფიციალური პირებისთვის კითხვების დასმით, დებატების გამართვითა და კომიტეტების მუშაობის გზით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშისა და 2023 წლის სამოქმედო გეგმის წარდგენისას განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, 2022 წელს საზედამხედველო საქმიანობის მხრივ პარლამენტი პოლიტიკური ცხოვრების ცენტრი იყო.
„2022 წელს პარლამენტი პოლიტიკური ცხოვრების ცენტრი გახლდათ, სადაც სამჯერ ვუმასპინძლეთ პრემიერ-მინისტრს, 17-ჯერ – მინისტრებს, გაიმართა ანგარიშვალდებული ოფიციალური პირების 20 მოსმენა, დაიწყო 12 საკომიტეტო მოკვლევა, სახელმწიფო ინსტიტუტებს ცენტრალურ და მუნიციპალურ დონეებზე გაეგზავნა ათასობით შეკითხვა. საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციური და ორგანიზაციული ფუნქციონირების გაუმჯობესების თვალსაზრისით, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს პარლამენტში დამტკიცდა მედიის აკრედიტაციის წესი, რომელიც საუკეთესო ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით, ორ ძირითად პრინციპს მოიცავს: მედიისათვის მუშაობის სათანადო პირობების შექმნა საპარლამენტო საქმიანობის შესახებ საზოგადოების სრული და დროული ინფორმირების მიზნით; პარლამენტის წევრებისთვის, აპარატის თანამშრომლებისა და პარლამენტის ვიზიტორებისთვის სათანადო სამუშაო გარემოს შენარჩუნების უზრუნველყოფა. აკრედიტაციის წესი, სრულად, მიმდინარე წლის პირველი მარტიდან ამოქმედდება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.