შალვა პაპუაშვილი - 2020 წლის არჩევნების დროს „სამართლიანი არჩევნები“ ელოდებოდა უნდობლობისა და ბრაზის გაჩენას საზოგადოებაში
2020 წლის არჩევნების დროს „სამართლიანი არჩევნები“ ელოდებოდა უნდობლობისა და ბრაზის გაჩენას საზოგადოებაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ჩვენ ვნახეთ, რა არის ამერიკის სტანდარტი – ვინც ამბობს ტყუილს, ავრცელებს დეზინფორმაციას, ამტკიცებს, რომ არჩევნები გაყალბდა და შემდეგ აღმოჩნდება, რომ ეს არის დეზინფორმაცია, მას ეკისრება პასუხისმგებლობა. ჩვენთან პირიქით დატრიალდა, 2020 წელს ვნახეთ „სამართლიანი არჩევნები“, რომელიც, რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად, იყო მთავარი მიმცემი იმ ყალბი კამპანიის, რომელსაც ერქვა გაყალბებული არჩევნები. „სამართლიანმა არჩევნებმა“ არა თუ რაიმე პასუხისმგებლობა იგრძნო, პირიქით, უფრო წახალისდა. „სამართლიანი არჩევნების“ ისტორიაზე როცა ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს ის აღიარებაც, რომელიც, საბოლოო ჯამში, მოუწია ამ ორგანიზაციას. თუმცა, ეს მოხდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც პარლამენტი შეიკრიბა. პირველი სხდომის დღის ბოლოს აღიარეს შეცდომა, მანამდე ელოდებოდნენ. როგორც ჩანს, ეს იყო სწორედ მიზანი – უნდობლობის გაჩენა საზოგადოებაში, ბრაზის ატმოსფეროს შექმნა და ამით პარლამენტის ლეგიტიმაციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, როდესაც ჩანაფიქრი არ გამოვიდა და პარლამენტი შეიკრიბა, „სამართლიანი არჩევნები“ იძულებული გახდა, ეღიარებინა ის სიყალბე, რომელსაც ხმის პარალელური დათვლის შედეგების შესახებ 40 დღის განმავლობაში ავრცელებდნენ.
„რამდენიმე კვირით ადრე, ნოემბერშივე მათ აცნობეს საკუთარ დონორს, აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID), რომელმაც არაფერი უთხრა არც საქართველოს ხელისუფლებას და არც საზოგადოებას, რომლისთვისაც ეს სააგენტო უნდა მუშაობდეს. როგორც „სამართლიანი არჩევნები“ მალავდა, რომ ეს შედეგები არ იყო სწორი, როგორც ჩანს, ასევე მალავდა დონორიც. დონორ ორგანიზაციასაც დღემდე განმარტება არ გაუკეთებია. ამიტომ მნიშვნელოვანია, ამაზე USAID-მა გააკეთოს განცხადება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.