შალვა პაპუაშვილი - 2020 წელს ყალბი დასკვნით ოპოზიციას მისცეს საბაბი რევოლუციური სცენარის განვითარებისთვის, ახლაც ვხედავთ, საით მიდიან ეს „ენჯეოები“, არის მოლოდინი, რომ იქნება იგივე სიყალბე
ეს არის ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისგან პირდაპირი დასტური მათი პარტიულობისა, ვინაიდან ისინი ამას არათუ დარღვევად ასახავენ, არამედ ახალისებენ ამ დარღვევას და იწონებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც ეხებოდა „მთავარი არხის“ „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ ერთობლივ განცხადებას, რომ სამივე ტელევიზია უარს ამბობს ეთერში „ქართული ოცნების“ ვიდეორგოლების განთავსებაზე.
„გავეცანი ამ ფაქტის არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ შეფასებას. ეს ის „ენჯეოები“ არიან, რომლებთაც 2020 წელს, 4 ნოემბერს გამოაქვეყნეს ყალბი დასკვნა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ვგულისხმობ საია-ს, „გამჭვირვალობას“, „სამართლიან არჩევნებს“ და სხვებს. ისინი პარალელური დათვლის ყალბ შედეგებს იშველიებდნენ, თითქოს გვიან გამოქვეყნდა არჩევნების შედეგები და ა.შ. თითქოს უბნების რვა პროცენტში იყო დისბალანსი – ამ ყალბი დასკვნის საფუძველზე ოპოზიციას მისცეს საბაბი რევოლუციური სცენარის განვითარებისთვის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, ახლაც ჩანს, საით მიდიან ეს „ენჯეოები“.
„ეს არის პირველი ყალბი დასკვნა ამ არჩევნებთან დაკავშირებით, რაც ჩვენ ვნახეთ. თუ არ ვცდები, 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ მოუწოდა, რომ სარეკლამო რგოლი არ გაუშვან და დარღვევა გაამართლა. ეს პირდაპირ აჩვენებს, რისთვის ემზადება ე.წ. ადგილობრივი დამკვირვებლების ჯგუფი ამ არჩევნების დროს. არის მოლოდინი, რომ 26-ის დღის ბოლოს ან 27-ში იქნება იგივე სიყალბე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის განმარტებით, კანონის დარღვევა, რა თქმა უნდა, იწვევს შედეგს.
„საგზაო მოძრაობაში არსებობს სიჩქარის ლიმიტი. ლიმიტს თუ გადააჭარბებს, ამისთვის არსებობს სანქციები. იმისთვის, რომ არ იყოს სანქციები, კანონს უნდა დაემორჩილოს ყველა და სიჩქარის ლიმიტს არ გადააჭარბოს. იგივე არის ამ შემთხვევაში. ცალსახაა, რომ არ აქვთ არანაირი სამართლებრივი საფუძველი, „ქართული ოცნების“ სარეკლამო საარჩევნო კლიპი არ გაუშვან. ეს არის აბსოლუტური თვითნებობა, რომელსაც ჩადის სამი ტელევიზია. არის კანონის დარღვევა და ეს აჩვენებს ერთ რამეს, რომ უნდათ, შექმნან არათანაბარი საარჩევნო პირობები „ქართული ოცნებისთვის“. ამავე დროს, სამწუხაროა და ჩვენ ვნახეთ, როგორც ტელევიზიების, ისე „ენჯეოების“ განცხადებებში, საფუძვლად აღებული იყო არა კანონმდებლობა, არამედ ევროკავშირის ელჩის განცხადება, რაც აჩვენებს, რომ საგარეო ჩარევას არჩევნებში აქვს მავნე შედეგი. კერძოდ, ამ შემთხვევაში ევროკავშირის ელჩის განცხადებამ გამოიწვია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ კანონის დარღვევა და მათ შორის, გამოიწვია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ მხრიდან ამის გამართლება. ამიტომ, როგორც თამამი იყო ევროკავშირის ელჩი ამ სარეკლამო რგოლის შეფასებაში, იმედია, ასევე თამამი იქნება ის საარჩევნი დარღვევების შეფასებაში და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ მხრიდან კანონდარღვევის გამართლების დაგმობაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.