შალვა პაპუაშვილი - 2020 წელს გიორგი ვაშაძე თავისი ტრიბუნით დადიოდა და უნდოდა, პრემიერი გამხდარიყო, თუ არ ვცდები, ბოლოს 3% მიიღო
2020 წელს გიორგი ვაშაძე პრემიერ-მინისტრობისთვის ემზადებოდა, თავისი ტრიბუნით დადიოდა და უნდოდა, პრემიერი გამხდარიყო, თუ არ ვცდები, ბოლოს მიიღო 3%, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა წინასაარჩევნო პერიოდში პარტიების რეიტინგებზე საუბრისას აღნიშნა, „ქართული ოცნება“ საკუთარ მოლოდინზე როდესაც საუბრობს, კვლევებთან ერთად, წინა არჩევნების გამოცდილებასაც ეყრდნობა.
„კვლევებთან და ყველაფერთან ერთად ჩვენ ვეყრდნობით მათ შორის გამოცდილებას. თქვენ გახსოვთ, 2020 წელს გიორგი ვაშაძე როგორ ემზადებოდა პრემიერ-მინისტრობისთვის. თავისი ტრიბუნით დადიოდა და უნდოდა, პრემიერ-მინისტრი გამხდარიყო, ბოლოს მიიღო, თუ არ ვცდები, 3%. თქვენ გახსოვთ, ხაზარაძე როგორ ემზადებოდა იმისთვის, რომ მოსულიყო ხელისუფლებაში და თავისი ვალები ჩამოეწერა, რადგან ამისთვის სჭირდება მას ხელისუფლება და როგორ მიიღო მან 3%, ამასაც ხომ ვუყურებთ საერთო ჯამში?! ყოველ ჯერზე ბაქიბუქობენ და ყოველ ჯერზე ვხედავთ, რა არის მათი რეალური შედეგი. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას,“ ყოველ ჯერზე, რამდენჯერაც ვთქვით, თუ რა იყო ჩვენი მოლოდინი მანდატების მიმართებით, ყოველ ჯერზე ეს გამართლდა და ზუსტად ამ მოლოდინით შევდივართ ჩვენ ამ არჩევნებში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.