შალვა პაპუაშვილი - 2016 წელს არასამთავრობოებმა სიტყვასიტყვით თქვეს ის, რაც ეწერა ამ კანონპროექტში, მაგრამ ახლა საპირისპირო უმტკიცეს მოქალაქეებს და, ფაქტობრივად, მოატყუეს
2016 წელს არასამთავრობო ორგანიზაციებმა სიტყვასიტყვით თქვეს ის, რაც ეწერა ამ კანონში, მაგრამ ახლა ზუსტად საპირისპირო უმტკიცეს მოქალაქეებს და, ფაქტობრივად, მოატყუეს მოქალაქეები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„რასაც მაშინ ამბობდნენ, 2016 წელს, რომ ეს სჭირდებათ მოქალაქეებს, დღეს მოქალაქეებს უთხრეს, რომ ის მათ არ სჭირდებათ 2023 წელს. სამწუხაროდ, აი, ასეთი ყალბი ნარატივების შექმნასთან გვაქვს საქმე. როცა გარკვეული სეგმენტი პირს შეკრავს და ასე უნისონში ამბობს ერთ რამეს, რთულია, ამას დაუპირისპირო ხოლმე იმ მომენტში ფაქტები, თუმცა გავა დრო, ერთი კვირა, ორი კვირა და გარწმუნებთ, ჩვენი საზოგადოება თავადაც დარწმუნდება, რომ ეს იყო მისი უფლება და ეს მისთვის იყო მნიშვნელოვანი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს ჯერ კიდევ 2016 წელს აქვს ჩატარებული კვლევა არასამთავრობო სექტორის დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით და ამ კვლევის ერთ-ერთი ავტორი ლაშა ტუღუში „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვების დროს იქ იმყოფებოდა.
„ზუსტად ამ კვლევაში იყო შემოთავაზებული ის მოდელი, რომელიც ამ კანონში იყო. სიტყვასიტყვით, ის მოდელი ეწერა იქ – შეიქმნას რეესტრი, დარეგისტრირდეს ორგანიზაციები და ყოველწლიურად გამოქვეყნდეს ფინანსური დეკლარაცია. ეს სიტყვასიტყვით არის ის, რაც ეწერა ამ კანონში. შემდეგ, იქ ითქვა, თითქოს ეს იყო რუსეთთან მიმართებაში, რაც არის ტყუილი. იქ არის სამი მოდელი. ერთი იყო, რომ, მოდით, იყოს მხოლოდ რუსულ დაფინანსებაზე და მეორე მოდელი იყოს ყველაზე, მათ შორის, თავისთავად, რუსეთზე. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ეს მარტო რუსეთზე ვერ იქნებოდა. იქვე, დასკვნაში უწერიათ, რომ ევროკავშირისა და აშშ-ის დაფინანსებას თუ არ ავიღებთ, სხვა დასავლური დაფინანსებები არის გაუმჭვირვალე და სრულად არ არის მოძიებადი. ანუ, აქაც იყო გამოწვევა და პრობლემაა, რომ სრულად ეს ინფორმაცია არ იყო. ეს ერთი, და მეორე, რუსეთიდან დაფინანსება არ ნიშნავს მაინცდამაინც მოსკოვიდან დაფინანსებას. რუსეთმა შეიძლება, სხვა ქვეყნის გავლით შემოიტანოს ეს დაფინანსება და ასე აკეთებს სხვა ქვეყნებში, როცა სხვა ქვეყნის გავლით შეაქვს თანხა. ის იქნება ჩვეულებრივი გერმანული ფონდი ან, შეიძლება, ფრანგული, რომლის უკანაც სინამდვილეში იქნება რუსეთი. ამიტომ შეუძლებელია ჩაკეტვა მხოლოდ რუსეთზე, ეს გამორიცხულია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.