შალვა პაპუაშვილი - 2012 წლის შემდეგ სტრასბურგის სასამართლოში არ შესულა არცერთი საჩივარი, რომელიც ეხება ციხეებს, ეს მეტყველებს, რამდენად განსხვავებული მდგომარეობაა დღეს პენიტენციურ დაწესებულებებში
2012 წლის შემდეგ სტრასბურგის სასამართლოში არ შესულა არცერთი საჩივარი, რომელიც ეხება ციხეებს. ეს მეტყველებს, რამდენად განსხვავებული მდგომარეობაა დღეს პენიტენციურ დაწესებულებებში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
ამასთან, პაპუაშვილის თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი გაამახვილებს ყურადღებას ყველა იმ საკითხზე, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაშია მოცემული.
„სახალხო დამცველი, უპირველეს ყოვლისა, პარლამენტისთვის არის მნიშვნელოვანი ორგანო, რომელიც პარლამენტთან თანამშრომლობით აკვირდება ადამიანის უფლებების მდგომარეობას და პარლამენტს მოახსენებს, როგორია მისი შეფასება ამა თუ იმ სექტორთან დაკავშირებით. ამიტომ როდესაც არის მოსაზრებები სახალხო დამცველისგან, ჩვენთვის ეს ყურადსაღებია. რაც შეეხება პენიტენციურ დაწესებულებებს, ყველას შევახსენებ, რომ 2012 წლამდე ადამიანის უფლებების დარღვევებთან, მძიმე დარღვევებთან დაკავშირებით ძირითადი საჩივრები სტრასბურგში მიდიოდა სწორედ ციხეებში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. 2012 წლის შემდეგ, ხაზს ვუსვამ, სტრასბურგის სასამართლოში არ შესულა არცერთი საჩივარი, რომელიც ეხება ციხეებს. ეს მეტყველებს, რამდენად განსხვავებული მდგომარეობაა დღეს პენიტენციურ დაწესებულებებში. რაც შეეხება ცალკეულ საკითხებს, იქნება ეს საკანონმდებლო მოწესრიგების თუ პრაქტიკის გაუმჯობესების საჭიროება, სწორედ ამიტომაც არის სახალხო დამცველი, რომ, პარლამენტთან ერთად, ამ საკითებზე ვიმუშაოთ. რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ყველა ამ საკითხზე გაამახვილებს ყურადღებას, ჩახედავს უფრო დეტალურად, თუ დამატებით რაიმე საკანონმდებლო მოწესრიგებაა საჭირო, ამასაც გავაკეთებთ, თუ პრაქტიკაშია გასაუმჯობესებელი, ესეც მოხდება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.