შალვა პაპუაშვილი - 2008 წელს, „ნაცმოძრაობის“ ნაცვლად, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მსგავსი პატრიოტული ძალა რომ ყოფილიყო, ომი არ იქნებოდა
2008 წელს, „ნაცმოძრაობის“ ნაცვლად, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო „ქართული ოცნების“ მსგავსი პატრიოტული ძალა, ომი არ იქნებოდა, არ იქნებოდა 400-ზე მეტი დაღუპული, 1700-ზე მეტი დაჭრილი, 125 დაკარგული სოფელი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, როგორც 2022 წელს ,,ქართულმა ოცნებამ’’ არ დაუშვა ომი, ასევე არ დაუშვებდა 2008 წელს, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო.
„2022 წელს „ნაციონალური მოძრაობა“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, განმეორდებოდა 2008 წელი და პირიქით, 2008 წელს, „ნაციონალური მოძრაობის“ ნაცვლად, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო „ქართული ოცნების“ მსგავსი პატრიოტული ხელისუფლება, ომი არ იქნებოდა. არ იქნებოდა 400-ზე მეტი დაღუპული ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი. არ იქნებოდა 125 სოფელი, რომელზეც კონტროლი დაკარგა საქართველომ, არ იქნებოდა 1700-ზე მეტი დაჭრილი ადამიანი, დამოუკიდებლობების აღიარებები და ა.შ. ეს ყველაფერი არ იქნებოდა, 2008 წელს ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო არა „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ „ქართული ოცნება“. როგორც 2022 წელს არ დავუშვით ომი საქართველოში, ასევე არ იქნებოდა ომი 2008 წელს. ზუსტად ეს უნდა გამოვიძიოთ, თუ რა ღალატს ჰქონდა ადგილი 2008 წლის აგვისტოში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.