შალვა პაპუაშვილი - 1-ელი სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით 250-ზე მეტი განცხადება, კომენტარი თუ რეზოლუცია დაფიქსირდა, რაც არის დღეში, საშუალოდ, ხუთი სხვადასხვა აქტორის ჩარევა საარჩევნო კამპანიაში
პირველი სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით 250-ზე მეტი განცხადება, კომენტარი, რეზოლუცია თუ სხვადასხვა სახის ინტერვენცია დაფიქსირდა, რაც დღეში არის, საშუალოდ, ხუთი სხვადასხვა აქტორის ჩარევა საქართველოს საარჩევნო კამპანიაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში ბრიფინგზე განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ჩარევაა სხვადასხვა სახის, დაწყებული განცხადებით, რომელიც მედიის თუ მათი სოციალური მედიის საშუალებით საჯაროვდება, სადაც ისინი პირდაპირ მოუწოდებენ ამომრჩევლებს, მხარი არ დაუჭირონ „ქართულ ოცნებას“.
„დოკუმენტები, ევროპარლამენტის რეზოლუცია, 13 მინისტრის თუ მინისტრის მოადგილის განცხადება, რომელზეც, სხვათა შორის, დღემდე ვერ გავერკვიეთ, რა ტიპის დოკუმენტია. ერთადერთი წყარო, რომელსაც მივაგენით, არის „ინტერპრესნიუსის“ ნიუსი, სადაც მოტანილია ეს ტექსტი. სხვაგან ვერსად მოვიძიეთ, ეს ტექსტი ვერ მოვიძიეთ ამ 13 ქვეყნის ვერცერთ ოფიციალურ ან საელჩოს ვებგვერდზე. დღემდე პასუხი არ გვაქვს, რა განცხადება იყო საერთოდ, ვისი განცხადება, ვისი ინიციატივა იყო, რატომ არის მარტო 13. თარსი რიცხვის ამბავია თუ რატომ, არ ვიცი, გაურკვევლობაა ამ მხრივ. შინაარსობრივად, რა თქმა უნდა, ეს იყო ჩარევა საარჩევნო კამპანიაში, რათა ემოქმედათ განწყობებზე.
ჩარევა იყო ასევე 20 ოქტომბრის თავყრილობა, რომელიც იყო „ენჯეოების“ და ოპოზიციის ერთობლივი ღონისძება. სამწუხაროდ, გაუმჭირვალობის პირობებში ჩვენ არ ვიცით ზუსტად, მაგრამ გვაქვს ეჭვი, რომ ამ აქციაზე დაიხარჯა „ენჯეოების“ თანხები, ანუ დაიხარჯა უცხოური თანხები საარჩევნო ღონისძიებისთვის. მათ შორის, ამას გვაფიქრებინებს ევროკავშირის ელჩის გამოხმაურება ამ აქციასთან დაკავშირებით და ამიტომ გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ 20 ოქტომბრის ღონისძიება დაფინანსებული იყო უცხოური წყაროებიდან, რაც წარმოადგენს კონტრიბუციას საარჩევნო კამპანიაში და არის დარღვევა. გარდა ამისა, არის ჩარევა საარჩევნო კამპანიაში, რაც ასევე სამწუხაროა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.