შალვა ნათელაშვილის სარჩელი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სასამართლომ არ დააკმაყოფილა
„ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის, შალვა ნათელაშვილის სარჩელი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
როგორც მოსამართლემ განმარტა, განცხადება, რომლის გამოც ნათელაშვილი ივანიშვილს უჩიოდა, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდება.
ნათელაშვილის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილებით გამოჩნდა, რომ ქვეყანაში სასამართლო მართულია.
„პუტინის გამოგზავნილმა აგენტმა, რომელიც საქართველოს მოევლინა, არჩევნების წინ მე მეძახა ჯაშუში და ეს რანაირად ჯდება გამოხატვის თავისუფლებაში?“, – განაცხადა ნათელაშვილმა.
„ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი „ქართული ოცნების” დამფუძნებელს ღირსების შელახვისთვის უჩივის და სიმბოლურად 1 ლარის გადახდას ითხოვდა.
შალვა ნათელაშვილის განცხადებით, საქმე ეხება ივანიშვილის მიერ 2016 წელს გაკეთებულ განცხადებას, სადაც ივანიშვილი ნათელაშვილს ჯაშუშს უწოდებს. დღევანდელ სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი დაინტერსდა, 2007 წელს იყო თუ არა ნათელაშვილი ჯაშუშად გამოცხადებული, რაზეც „ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა უპასუხა, რომ ეს არის არასწორი ინფორმაცია და ის ივანიშვილის დავალებით სააკაშვილმა გაავრცელა კონტროლირებადი ტელევიზიებით. შალვა ნათელაშვილი პროცესზე ივანიშვილის დასწრება ითხოვდა.