შალვა ნათელაშვილი - ვირჯინიისა და მერილენდის შტატებში ფერმერს უნდა გამოეყვანა ძროხები, კომისია თვლიდა, რამდენი ჰყავდა და შემდეგ ეძლეოდა საარჩევნო უფლება, რომ რძეზე არ გაყიდულიყო
სოცდაუცველების სია დგება იმ ნიშნით, ვინ აძლევს ხმას მთავრობას და ვინ – არა, არჩევნების შემდეგ ეს სია უქმდება და არჩევნების წინ ისევ დგება. რეალურად, ესენი სოციალურად დაუცველები კი არა, საკუთარი ხმის გამყიდველები არიან, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
ნათელაშვილის თქმით, ამიტომ ასეთ ადამიანებს სულ მცირე მოუწოდებს, ერთ არჩევნებში მაინც არ მიიღონ მონაწილეობა. შალვა ნათელაშვილის განმარტებით, მაგალითად, აშშ-ის ყველა შტატში მეოცე საუკუნემდე ქონებრივი ცენზი იყო დაწესებული, ხოლო ინგლისში ადამიანს 40 შილინგი შემოსავალი თუ არ ჰქონდა, არჩევნებში ვერ მონაწილეობდა და ეს ხდებოდა არა იმიტომ, რომ მოქალაქეები დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჰყავდათ, არამედ იმ მიზნით, რომ მდიდარ კანდიდატს გაჭირვებულის ხმა არ ეყიდა.
„ჯანდაბას, აიღონ ასაღები, ოღონდ, არჩევნებზე არ მოვიდნენ და ისტორიული ექსკურსი, რომელიც მე გავაკეთე, იყო სრული ჭეშმარიტება, რადგან ამერიკის შეერთებული შტატების ყველა შტატში მეოცე საუკუნემდე ქონებრივი ცენზი იყო დაწესებული, ხოლო ინგლისში 40 შილინგი შემოსავალი თუ არ ჰქონდა, არჩევნებში ვერ მონაწილეობდა. ასე იყო მთელი მსოფლიო, ეს იყო იმ მიზნით, რომ მდიდარ კანდიდატს არ ეყიდა გაჭირვებულის ხმა და არა იმიტომ, რომ ის დისკრიმინაციაში ჰყავდათ. მეტსაც გეტყვით, ვირჯინიისა და მერილენდის შტატებში ფერმერს უნდა გამოეყვანა ძროხები, კომისია თვლიდა, რამდენი ძროხა ჰყავდა და შემდეგ ეძლეოდა საარჩევნო უფლება, რომ რძეზე არ გაყიდულიყო. რა თქმა უნდა, ახლა იმ წესს, ქონებრივ ცენზსს ვერავინ აღადგენს, მაგრამ ის, რომ ჩვენ დავანამუსოთ ხმების გამყიდველები, შევარცხვინოთ, ვამხილოთ და გამოვაჭენოთ, მოვუწოდოთ, რომ ერთი არჩევნები მაინც გამოტოვონ და დაგვასვენონ, ლეგიტიმური მოთხოვნაა და ამას გავიმეორებ მილიარდჯერ. მათ შორის შიგ პირში ვეტყვი იმათ, ვინც ხმას ყიდის. შეაშინონ ის, ვინც შეუშინებიათ ამ კურდღლებს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ამასთან, შალვა ნათელაშვილმა ისაუბრა პარლამენტში შესვლის საკითხზეც და აღნიშნა, რომ გამოკითხვა აქტიურად მიმდინარეობს. ნათელაშვილის განმარტებით, პარტია გადაწყვეტილებას სავარაუდოდ საგაზაფხულო სესიამდე მიიღებს.
„საგაზაფხულო სესიამდე ალბათ ჩვენ უკვე ჩამოვყალიბდებით. საგაზაფხულო სესია თებერვალში იხსნება, თუმცა უპირველესი მოთხოვნა, რაც ჩვენ გვაქვს და ოფიციალურად წარვადგენთ ამას, მინიმუმ 40-წუთიანი სიტყვის უფლება პარლამენტში როგორც კი შევალ. არავინ წარმოიდგინოს, რომ მე იქ შევალ, თუ ასე მოხდა, და დავჯდები ჩუმად. 40-წუთიანი სიტყვა მინიმუმ. 21 წელია, პარლამენტში არ გვიშვებს არც ერთი რეჟიმი და 40-წუთიანი სიტყვა აღარ გვეკუთვნის, რამდენს ვილაპარაკებდით ამ 21 წლის მანძილზე? ამიტომ ეს არის მინიმალური ლიმიტი“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.