შალვა ნათელაშვილი - ჩვენთვის მოულოდნელი და ამაზრზენია, რომ სტრატეგიული მოკავშირის ელჩი მხარს უჭერს პუტინის მეფისნაცვალ ოლიგარქს საქართველოში
უმრავლესობამ და მათთან მიყიდულმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა მესამე მოსმენით მიიღეს კანონი, რითაც ჩვენ წაგვერთვა საარჩევნო კომისიებში წევრთა დანიშვნის უფლება, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის ნაცისტური სამართლის გამეორება საქართველოში.
„გრძელდება „ლეიბორისტული პარტიის“ აკრძალვის პროცესი. ივანიშვილის უმრავლესობამ და მათთან მიყიდულმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა გუშინ მესამე მოსმენით მიიღეს კანონი, რითაც ჩვენ წაგვერთვა საარჩევნო კომისიებში წევრთა დანიშვნის მოპოვებული უფლება. 1933 წლის ივლისის ჰიტლერისეული კანონის შემდეგ, ეს ნაცისტური სამართლის პირველი გამეორებაა საქართველოსა და ჩვენი პოლიტიკური სისტემის წინააღმდეგ.
ამ ფონზე ველოდით, რომ აშშ-ის ელჩი გააკეთებდა საპროტესტო განცხადებას, მაგრამ ჩვენ მოვისმინეთ მისი განცხადება, რომ აქ არაფერი ისეთი არ მომხდარა. ამის გამო მე იძულებული ვარ, განვაცხადო, 2020 წლის ნომებერ- დეკემბერში აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკების დროს შეთანხმდა საკითხი, რომ „ლეიბორისტულ პარტიას“ 3 700 საარჩევნო კომისიაში ეყოლებოდა წევრები. ამ შეხვედრას ესწრებოდა ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელიც და ქვეყნის ყველა პოლიტიკური ლიდერი, მათ შორის ხელისუფლებიდან კობახიძე და თალაკვაძე. აღებული ვალდებულება, რომელიც გადაწყდა და, რომლის შესრულებაზე პაუხისმგებელი იყვნენ ფასილიტატორი ელჩები, დაირღვა, ხოლო მოდერატორებიდან, გარანტორებიდან წამოვიდა ასეთი უპასუხისმგებლო განცხადება, რასაც ვფიქრობ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი გაასწორებს და მისცემს კორექტირებას. ჩვენთვის მოულოდნელი და ამაზრზენია, რომ სტრატეგიული მოკავშირის ელჩი მხარს უჭერს პუტინის მეფისნაცვალ ოლიგარქს საქართველოში“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ნათელაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ლელოს“ მადლობა გადაუხადა, რადგან მათ მხარი არ დაუჭირეს „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს. ამასთან, მან არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდა, რეაგირება მოახდინონ აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებზე.
„მე მადლობას ვეუბნები იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს ამ ჰიტლერისეული კანონმდებლობის გამეორებას. „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ლელოს“ ვუხდი მადლობას, თუმცა მათ შეეძლოთ, წინააღმდეგაც მიეცათ ხმა და არ შეეეკავებინათ თავი კენჭისყრაში მონაწილეობისგან.
მე ასევე გამოვთქვამ დიდ გაოცებას ამერიკიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების დუმილის გამო. თქვენ მილიონებს გაჭმევთ ამერიკელი გადასახადის გადამხდელი და საკუთარი საქმიანობით ემსახურებით პუტინის და მისი ოლიგარქის ინტერესებს, თუნდაც იმ შემთვევაში, როცა არ იღებთ ხმას „ლეიბორისტული პარტიის“ ამგვარ უპრეცედენტო დევნაზე. იმედია, გამოიბერტყავთ ყურებს. წინააღმდეგ შემთვევაში, ჩვენ თქენს დამფინანსებლებს ვაშინგტონში ვაცნობებთ, თუ როგორ ხმარდება ამერიკელი ხალხის ფინანსები რუსულ ინტერესებს საქართველოში“, – განაცხადა ნათელაშვილმა.