შალვა ნათელაშვილი - თეა წულუკიანი ნუ დაელოდება ჩვენს გარდაცვალებას, „ლეიბორისტული“ იდეა საუკუნეები იარსებებს
შალვა ნათელაშვილი - თეა წულუკიანი ნუ დაელოდება ჩვენს გარდაცვალებას, „ლეიბორისტული“ იდეა საუკუნეები იარსებებს

თეა წულუკიანი ნუ დაელოდება ჩვენს გარდაცვალებას, „ლეიბორისტული“ იდეა საუკუნეები იარსებებს და მას ექნება არა შვიდპროცენტიანი, არამედ მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, „ლეიბორისტულ პარტიას“ ექნება იმ ხალხის მხარდაჭერა, ვისაც უნდა, იცხოვროს დემოკრატიულ, სოციალურად თანასწორ, მხრებგაშლილ საქართველოში.

„ასეთია ჩვენი ხალხის უმრავლესობა და ამ იდეის მატარებელია „ლეიბორისტული პარტია“. რაც შეეხება წულუკიანს, ის მომავალი თაობებისთვის იქნება როგორც ავი დედაბერი. რაც შეეხება პარლამენტში ჩემს ყოფნას, პარლამენტში მაშინ იყო ბოიკოტი გამოცხადებული, იურიდიულად ვიყავით, მაგრამ იყო ბოიკოტი, რადგან წინა ხელისუფლებამაც, ვის ინტერესებსაც ემსახურებოდა თეა წულუკიანი სტრასბურგში და ვისი ინფორმატორიც იყო, ასევე გაგვიყალბა არჩევნები. შესაბამისად, გამოვაცხადეთ ბოიკოტი და ბოიკოტი ნიშნავს იმას, რომ სხდომებზე არ უნდა იარო, მაგრამ დაფინანსება საპარლამენტო დეპუტატს ეკუთვნის. ახლა პარლამენტიდან გამოვედით, შესაბამისად, არც ხელფასი არ გვეკუთვნის. იმედია, დაისვენებს თეა წულუკიანის პატარა გული“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა: „ქართველები უნიკალური ხალხი ვართ, გვყავს მსოფლიოში ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელსაც გარდაცვალების შემდეგაც შვიდი პროცენტი ექნება რეიტინგი, შალვა ნათელაშვილს ვგულისხმობ“.