შალვა ნათელაშვილი სკოლებში უფასო ერთჯერადი კვების დამკვიდრებას ითხოვს
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი საქართველოს პარლამენტს ახალი კანონის ინიცირების მოთხოვნით მიმართავს, რაც საჯარო სკოლებში ბიუჯეტის სახსრებით უფასო ერთჯერადი კვების დამკვიდრებას გულისხმობს.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი საკუთარ ინიციატივას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტატისტიკით ამყარებს, სადაც მისი თქმით, ბავშვთა შიმშილობის მაჩვენებელი საგანგაშო ციფრებზე მიუთითებს.
შალვა ნათელაშვილმა საქართველოში არასრულწლოვნების გარდაცვალების რამდენიმე მძიმე ფაქტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების ვალდებულებაა მომავალი თაობა მინერალებითა და ვიტამინებით სავსე საკვებით უფასოდ უზრუნველჰყოს, რაც დასავლურ ქვეყნებში მიღებული პრაქტიკაა.
„მე გავუგზავნი პარლამენტის თითოეულ წევრს შესაბამის წერილს, მოთხოვნით გამცენ პასუხი, უახლოეს დღეებში დააყენებენ თუ არა კენჭისყრაზე კანონპროექტს, სკოლებში უფასო ერთჯერადი კვების შესახებ. ეს არ არის მემარცხენე გამოგონება, ევროპის საჯარო სკოლებშიც კი, სადაც საშუალო შემოსავალი 3000 – 5000 ევროა, მაგალითად სკანდინავიაში, სკოლებში ერთჯერადი სავალდებულო საბიუჯეტო კვება არის როგორც წესი უძველესი ტრადიცია, რომლის შეცვლაც კი თავში არ მოუვა არც ერთ ხალხის მოძულე პოლიტიკოსს, თუ რა თქმა უნდა, იქ ასეთი არსებობს“, – აღნიშნავს შალვა ნათელაშვილი.