შალვა ნათელაშვილი - სირცხვილის კორიდორიც კარგი რამეა, რადგან იმ საარჩევნო უბანზე უამრავი ქვეყნით მოვაჭრე მიდის
მთავარია, აქცია ჩატარდეს და ჩვენი პროტესტის ხმა გაიგოს საქართველომ და მსოფლიომ, ფორმატზე, მეთოდებსა და ტაქტიკაზე იქნება აზრთა სხვადასხვაობა. ამაზე მოვილაპარაკებთ, ეს არ არის გადაუწყვეტელი პრობლემა, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ფაქტია, რომ ახალ არჩევნებამდე ქვეყანას შეძრავს ხალხის მრისხანება და საპროტესტო აქციები“.
„სირცხვილის კორიდორიც კარგი რამეა, რადგან იმ საარჩევნო უბანზე მიდის უამრავი ქვეყნით მოვაჭრე-ხახვიდან დაწყებული თანამდებობის გაყიდვით დაგვირგვინებული ის ხალხი, ვინც არჩევნები გაგვიყალბა და ვინც თავისი ხმა გაყიდა. რიგითი ამომრჩეველი, ვისაც საქართველო უყვარს, გაყალბებისა და თავზე ლაფის დასხმის შემდეგ საარჩევნო უბნისკენ არ უნდა წავიდეს, თუ არ ჩატარდება ახალი არჩევნები. ვის ასარჩევად მიდიან ხახუბიასი, კობიაშვილის თუ სხვა ბანდიტების ბიძინასი? ეს ის მდგომარეობაა, რომელსაც არჩევანი კი არა დანაშაული ჰქვია მომავლის წინაშე“, – განაცხადა ნათელაშვილმა.
შალვა ნათელაშვილის განცხადებით, „დერეფნების საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის.
„ყველას უნდა რცხვენოდეს, ვინც ბიძინა ივანიშვილის დანაშაულებრივ ძალას ხაზავს. უნდა რცხვენოდეს და ამის თაობაზე თავიანთი შვილიშვილები ეტყვის საყვედურს, თუ უკვე არ უთხრეს. მათ მხარს უჭერენ იდეის გამო, იქნებ, ვიღაცამ მითხრას, რა იდეები აწუხებს ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის დახლზე დადების გარდა. ოპოზიციას შეიძლება მცდარი იდეები, ტაქტიკა ჰქონდეს, მაგრამ ნაციზმი დანაშაულებრივი იყო და მთელი გერმანია აიყოლია ჰიტლერმა. მაო ძედუნმა მთელი ჩინეთი გადარია და ბეღურების ხოცვა დააწყებინა, მაგრამ ასეთი იდეა ჰქონდა. აქ იდეა არ არის, საუბარია ქვეყნის გაყიდვაზე, გადაფორმებაზე და დახლზე დაიდოს, გადაიქცეს ბანკად, ოფშორში დაგირავებულ ქონებად და ახლა ამაზე ხმას თუ მისცემ. 31 ოქტომბერს აქ ნარკომანები იდგნენ და მოხუცები სირცხვილის დერეფანში გაატარეს. რა თავისუფალ არჩევნებზე მელაპარაკებით, როგორ შეიძლება არჩევნებზე გავიდეს კაცი იმ სამარცხვინო ამბების მერე რაც დაგვიტრიალეს?, – განაცხადა ნათელაშვილმა.