შალვა ნათელაშვილი - საქართველოში კელი დეგნანის ხელმძღვანელობით გუშინ სპეცოპერაცია განხორციელდა
გუშინ სპეცოპერაცია განხორციელდა რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის გადასარჩენად, რომელსაც ხელმძღვანელობდა ტრამპის მიერ დანიშნული ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, ქალბატონი კელი დეგნანი. გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ საქართველოს არ ჰყავს არავითარი სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირე, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
ნათელაშვილის განცხადებით, მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას ჰყავს მფარველებიც, მოკავშირეებიც, ზურგის გამმაგრებლებიც.
„ჩვენ ერთმანეთი გვყავს მოკავშირეებად და ან გავიტანთ ერთმანეთს, ან საქართველოს ფერი მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე თანდათანობით ჩაქრება და ამ ცოდვას ჩვენ, სამუდამოდ, ძვლებზე აღბეჭდილს წავიღებთ იმ ქვეყნად. მე გულისტკივილს გამოვხატავ ჩემი ძვირფასი კოლეგების გამოც, რომლებმაც გუშინ პოლიტიკა დაამთავრეს იმ ხელმოწერის შედეგად, რაც ჩემთვის ტრაგიკულია. მაინც ვერ ავიცილეთ არასასიამოვნო შედეგი, რაც კატასტროფა არ არის, რადგან ძირითადი პოლიტიკური ძალები, ხარისხობრივად და რაოდენობრივად პარლამენტში, ამ წუთისთვის, არ შედიან, მაგრამ არასასიამოვნოა, ვინაიდან რუსი ოლიგარქი კუთხეში იყო მიყენებული და უკვე აგონიაში, ვირთხის სტადიაში ბრძანდებოდა თავისი გარემოცვით“, – განაცხადა ნათელაშვილმა.
ნათელაშვილი აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას მოუწოდებს, „ამერიკული დიპლომატია და სახელმწიფო დეპარტამენტი პროტრამპისტული ელემენტებისაგან გაწმინდოს“.
„ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას, პრეზიდენტ ბაიდენს მოვუწოდებ, დროზე გაწმინდე, ამერიკული დიპლომატია და სახელმწიფო დეპარტამენტი პროტრამპისტული ელემენტებისაგან. ტრამპიზმი ნიშნავს პროპუტინიზმს. გუშინ რაც განხორციელდა თბილისში და განხორციელდა ამერიკის ელჩის თამადობით, ზუსტად ისაა, რასაც რუსეთის დაზვერვის შეფი ნარიშკინი წერდა. დაწერა ნარიშკინმა, განახორციელა კელი დეგნანმა. ჩვენი თავი, რომელიც ზოგჯერ არ გვაბია მხრებზე, ჩვენი თავი უნდა გავამტყუნოთ. საზოგადოება, რომელიც დაუშვებს იმას, რომ პარლამენტში აირჩევს ბანკირებს, ნარკომანებს, პედოფილიისკენ მიდრეკილებს, უშიშროების ოფიცრებს, უარესის ღირსია და ჩვენ ან გამოვალთ კუჭის და ჯიბის ტყვეობიდან და გავიხედავთ მომავალში ან საქართველო არ იქნება. პარლამენტში შესვლაზე ჩვენ ხელს არ მოვაწერთ, თუ არ ჩატარდა ახალი არჩევნები და ობიექტური პროცედურების გზით არ შევედით პარლამენტში, რადგან ჩვენ განცხადებები გვაქვს დაწერილი, მთელ ოპოზიციურ სპექტრს პარლამენტის დატოვებაზე. მაშინ გამოდის, რომ თუ პარლამენტში შევდივართ, ჩვენ ვფარისევლობდით, საზოგადოებას ვატყუებდით, რომ ვითომ არ გვინდა პარლამენტში შესვლა, სინამდვილეში, გვინდა“, – განაცხადა ნათელაშვილმა.