სააკაშვილს სხვა ძალები უდგას გვერდით, გახარიას – სხვა, მაგრამ გამორიცხულია რაიმე ბმა მათ შორის, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
ნათელაშვილის თქმით, ოპოზიციური პარტიები სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის წინააღმდეგი იყვნენ და შესაბამისად, გახარია და სააკაშვილი პარტიების გარეშე კოალიციურ მთავრობას ვერ შექმნიდნენ.
„სამწუხაროდ, ბატონი ირაკლი კობახიძე თანდათან სრულად ემსგავსება სტალინური სისხლიანი რეპრესიების ავტორს, ეჟოვს, რომელმაც სტალინის მოწინააღმდეგეებს მუსრი გაავლო და ბოლოს თვითონვე იქნა დახვრეტილი. ირაკლი კობახიძე ზუსტად ამ გზაზე დგას. ეს უდიდესი სისულელეა, ესაა ივანიშვილის ავადმყოფური ფანტაზიების რეალიზაცია კობახიძის საინფორმაციო ღრუთი. გახარიას თავისი პატრონები ჰყავს – რუსეთის საგარეო დაზვერვა, ნარიშკინი და კრემლი, რომლებმაც გახარიას სახით აამუშავეს სარეზერვო რესურსი იმ შემთხვევაში თუ, ივანიშვილს რამე დაემართება. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ცხადია, სააკაშვილს სხვა ძალები უდგას გვერდით, ამას სხვა უდგას, მაგრამ გამორიცხულია რაიმე ბმა, მით უმეტეს თებერვლის დღეებში, სადაც მე უშუალოდ ვმონაწილეობდი და ბოლოსდაბოლოს ღამეს ვუთევდი მელიას რომ არ დაეჭირათ, მაგრამ მაინც ვერ ვუშველეთ. ამგვარი თემები არც იდგა, იქ მყოფი პარტიები სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის წინააღმდეგი იყვნენ და ვინ ჩამოიყვანდა სააკაშვილს ზარზეიმით აქ და როგორ გააკეთებდნენ კოალიციურ მთავრობას პარტიების გარეშე გახარია და სააკაშვილი?! „, – განაცხადა ნათელაშვილმა.
ამასთან, ნათელაშვილის შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით გახარიას გუნდის დაპატიმრება სურს.
„როგორც ჩანს, უკიდურეს შემთხვევაში მაგ ჯგუფის დაჭერას აპირებენ. ეს დაჭერა, ალბათ, სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით განხორციელდება. ჯერ ეცდებიან, შეაშინონ.. რა შეშინება უნდა, ისედაც შეშინებულები არიან, გამქრალია შიშისგან, ლანდია, მერე დაიწყებენ დაჭერებს“, – განაცხადა ნათელაშვილმა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ 17 თებერვალს, გიორგი გახარიას გადადგომამდე ერთი დღით ადრე, კიევიდან მიიღეს ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმასთან დაკავშირებით ალტერნატიული მთავრობის ფორმირებისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში სარფიდან შემოსვლის შესახებ. როგორც კობახიძემ აღნიშნა, გიორგი გახარია, მათთვის სრულიად გაუგებარი მოტივით, ნიკა მელიას დაკავების ოპერაციის ორი-სამი დღით გადადებას ითხოვდა, რის შემდეგაც, მმართველ გუნდს მაშინდელ პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით ეჭვები გაუჩნდა და კიევიდან მიღებული ინფორმაცია არ გაანდეს.