„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა მცოცავი ოკუპაცია გააპროტესტა. შალვა ნათელაშვილი ცენტრალურ მაგისტრალზე იმ ადგილზე მივიდა, საიდანაც სამას მეტრში ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერებია დამონტაჟებული და სადაც საოკუპაციო რეჟიმმა ხნულები გაავლო.
შალვა ნათელაშვილი მთავრობას ქმედითი ნაბიჯების გადადგმას სთხოვს და რუსეთისთვის სანქციების ამოქმედებაზე საუბრობს.
„ჩვენი დროის სერგო ორჯონიკიძემ ბიძინა ივანიშვილმა რუსი ოკუპანტები ჩამოიყვანა ცენტრალურ მაგისტრალზე, საიდანაც შეუძლიათ აიღონ თბილისი. 31 ოქტომბერს ამ ხელისუფლების დამარცხებით უნდა დავამხოთ პუტინის ოკუპაციური რეჟიმი და დავიწყოთ საქართველოს დეოკუპაცია, რუსულ სახელმწიფოს დავაკისროთ მილიარდიანი სანქციები ყოველდღიურად ასეთი აგრესიისათვის და ყველა გენერალზე, რომლებიც ასეთ დანაშაულს ახორციელებენ, ინტერპოლით ძებნა გამოცხადდეს. მერე დავინახავთ, როგორ იმოძრავებენ აქ მათი ტრაქტორები, ტანკები და მონღოლოიდური შავრაზმული დაჯგუფებები, რომლებსაც ამდენი სისხლი მართებს ჩვენი ქვეყნის. ამ დროს, როცა ხედავ, რომ ლამის ცენტრალური მაგისტრალი გადაგიღობეს, ერთი მიმართვა საერთაშორისო ორგანიზაციებზე, ერთი ხელმოწერა პრემიერ-მინისტრის რანგში გაერო-ს უშიშროების საბჭოზე, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე, ევროკავშირის ხელმძღვანელებზე, არ უნდა გაკეთდეს? ეს არის საფრთხე საერთაშორისო ენერგომატარებლებისთვის. ბაქო-სუფსას ნავთობსადენი, რომელიც აქ გადის ამარაგებს ევროპას და ეს ნიშნავს უკვე მსოფლიოსთვის ომის გამოცხადებას. ამათ არ შეიძლება ჰქონდეთ პრეტენზია ჩვენი ქვეყნის მართვაზე. ამათი წამები ითვლება და მალე ავაფრიალებთ დროშას რუსულ სამხედრო ბაზაზე“, – განაცხადა ნათელაშვილმა.