შალვა ნათელაშვილი - როგორც კი პუტინი დაინახავს, რომ საქართველოში სააკაშვილი ბრუნდება, ჩვენ ცოცხლები ვერ გადავრჩებით
როგორც კი პუტინი დაინახავს, რომ საქართველოში სააკაშვილი ბრუნდება, ჩვენ ცოცხლები ვერ გადავრჩებით, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილის გაპრემიერება 2036 წლამდე საქართველოსთვის სასიკვდილო საფრთხეა.
„ეს თვითონ მიშასაც ძალიან კარგად ესმის, ჭკვიანი კაცია. მისი გაპრემიერება 2036 წლამდე ჩვენი ქვეყნისთვის სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენს. პუტინმა მოახდინა უზურპაცია რუსეთში, ის წითელი დიქტატორია და ახალი კონსტიტუციით 2036 წლამდე ამ იმპერიის მმართველია. როგორც კი ის დაინახავს სააკაშვილის მეორედ მოსვლას, ჩვენ ცოცხლები ვერ გადავურჩებით. ცხელი ომი გარდაუვალი იქნება და თუ რუსეთს ცხელ ომს მოვუგებთ, კი ბატონო. ჩვენ ცივ ომზე გვაქვს აღებული კურსი – სამხედრო ბაზების გახსნა, პუტინის, რუსეთის მხილება. პრაგმატული პოლიტიკით უნდა დალაგდეს. აბა, დემეტრე თავდადებულმა არ იცოდა, რომ მოკლავდნენ? წავიდა, რომ თავისი ქვეყნისთვის შემოსევა აეცილებინა. მიშისტები ძალიან სიმპათიური ხალხია, იგივე ნაძალადევის რაიონში, ჩვენ ვთანამშრომლობთ, და ეს თანამშრომლობა არის საძირკველი მომავალი კოალიციური ურთიერთობების, მაგრამ მიშას შეუძლია იყოს პარტიის დე ფაქტო ლიდერი. ამასობაში, ის საქმეებიც გასუფთავდება, რაც აქ აღუძრეს ქეჩის პალტოზე, პუტინიც წავა ან წამოვა და მერე ხალხი და პოლიტიკური სპექტრი გადაწყვეტს, მიშა იქნება თუ არა პრემიერი. დღეს ეს არარეალურია, ტყუილს ხომ არ გეტყვით“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.