შალვა ნათელაშვილი - როგორც ჩანს, ჩვენი უცხოელი ფასილიტატორებიც არ ელოდნენ, რომ ოპოზიცია ნათქვამ სიტყვას შეასრულებდა, მათ კიდევ ჰქონდათ იმედი, რომ რაღაც კომპრომისი იქნებოდა შესაძლებელი
მოლაპარაკებებზე აღებულია ტაიმაუტი, რადგან როგორც ჩანს, ჩვენი უცხოელი მეგობარი ფასილიტატორი ელჩებიც არ ელოდნენ, რომ ოპოზიცია ნათქვამ სიტყვას შეასრულებდა, უარს განაცხადებდა მანდატებზე და ჩახსნიდა სიას. მათ კიდევ ჰქონდათ იმედი, რომ რაღაც კომპრომისი იქნებოდა შესაძლებელი, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
ნათელაშვილის თქმით, ოპოზიციის მხრიდან მანდატების აღდგენა და სიების განახლება არ განიხილება.
„რა თქმა უნდა, აღნიშნული ისტორიული ნაბიჯი ქართული ოპოზიციისა მოითხოვს სერიოზულ დაფიქრებას, მათ შორის ფასაილიტატორი ელჩებიდან და მათი მთავრობებიდან, რომელთა მითითებებითაც ისინი მოქმედებენ, ამიტომ ეს წუთშესვენება, თუ ტაიმაუტი თუ გარკვეული არდადეგები, გამოწვეულია ქართული ოპოზიციის უპრეცედენტო გადაწყვეტილებით, რასაც არ ელოდა არათუ ხელისუფლება, არამედ ჩვენი უცხოელი მეგობრებიც. რომელი რაუნდიც არ უნდა ჩატარდეს, რა ნომერიც არ უნდა დაარქვას მას კობახიძემ და მისმა უფროსმა სოლოლაკიდან, პარლამენტში შესვლა, მანდატების აღდგენა და სიების განახლება არ განიხილება. ეს განვლილი ისტორიული ეტაპია. ჩვენ ახლა შეიძლება ვისაუბროთ მხოლოდ იმაზე, რომ გამოცხადდეს არჩევნების თარიღი, თანაც 21 წელს, ივნისამდე. ახლა ვერსალის ხელშეკრულება, რომ დავდოთ, რომელიც პირველი მსოფლიო ომის შედეგებს აჯამებდა, ხელახლა, იქნება ეს სერიოზული? ჩაიარა მაგ ისტორიამ“, – განაცხადა ნათელაშვილმა.
რაც შეეხება პარტიისთვის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ კანონპროექტს, ნათელაშვილი აცხადებს, რომ მსგავსი ქმედების განხორციელების შემდეგ, ივანიშვილის ქონება დაყადაღდება.
„როგორც კი ბიძინა ივანიშვილი გაბედავს პარტიების რეგისტრაციის შეწყვეტას, დაფინანსების აღკვეთას და სხვა ერთპარტიული, ტირანული, დიქტატორული პოლიტიკის გაგრძელებას, მისი ქონება უძრავი და მოძრავი, აქტივები იქნება დაყადაღებული ისე, რომ დილით, გაღვიძებისთანავე ყავის ან სტაფილოს წვენის ფული აღარ დარჩეს“, – განაცხადა ნათელაშვილმა.