შალვა ნათელაშვილი - პრეზიდენტმა ალიევმა ქართველებს წაგვართვა სალოცავები, რათა ამომრჩევლებში იტრაბახოს, საქართველო დავჩაგრეო
პირველად, 14 საუკუნის განმავლობაში, წელს ვერ შევძელით, აღგვენიშნა გარეჯობა და ჩავსულიყავით აღდგომის მონასტერში, ამ უდიდესი ძეგლის მთავარ მონაკვეთებზე. ეს იურიდიულად შეთანხმებული სივრცე წაიღეს პრეზიდენტმა ალიევმა და მისმა შეიარაღებულმა ძალებმა. სახეზეა ანექსია, ოკუპაცია, აგრესია, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ, ნაცვლად იმისა, რომ დაეწყო ორმხრივი მოლაპარაკებები, ფეხზე დაეყენებინა საერთაშორისო ორგანიზაციები, მოეხდინა ალიევის ტვირთების სანქცირება საქართველოს ტერიტორიაზე, აღძრა საქმე უშიშროების სამსახურში, რომლის თანახმადაც, თუ ვინმე ხმას ამოიღებს შექმნილ რეალობაზე, რასობრივი შუღლის გაღვივების გამო, ყველას ემუქრება ციხე.
„ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხი ერთად ცხოვრობდნენ, ცხოვრობენ და იცხოვრებენ. აქ საუბარია დანაშაულებრივ მთავრობათა პოლიტიკაზე, რითაც ორივე ხალხი ზარალდება, ამიტომ რამდენიმე თვეში ივანიშვილის რეჟიმის შეცვლისთანავე, აღძრული იქნება სისხლის სამართლის საქმე საქართველოს ტერიტორიული ხელყოფისთვის, რომელიც ითვალისწინებს უვადო პატიმრობას. ივანიშვილის მთელი ხროვა პასუხს აგებს საქართველოს ტერიტორიათა გაცემა-გასხვისებისათვის. თუ ახლა ამ სიმართლის თქმა რასობრივი შუღლის გაღვივებაა, მაშინ უნდა გავჩერდეთ ჩვენ რუსეთის ოკუპაციაზე. ესეც შეიძლება ჩაგვითვალონ რასობრივი შუღლის გაღვივებად. უნდა გავჩერდეთ ჩვენ აფხაზურ და ოსურ სეპარატიზმზეც – ესეც შეიძლება ჩაითვალოს რასობრივი შუღლის გაღვივებად. საბოლოო ჯამში, ყველა ქვეყანა, როცა მეზობელი წაართმევს მიწას, სივრცეს, სალოცავს, უნდა გაჩუმდეს, რათა მას ეს არ ჩაეთვალოს რასობრივი შუღლის გაღვივებად. ხომ წარმოგიდგენიათ, სად მივიდა სამშობლოს ღალატის კოეფიციენტი ოლიგარქის შემოქმედებაში“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მისივე თქმით, პრეზიდენტმა ალიევმა, ნაცვლად იმისა, რომ ოკუპირებული მთიანი ყარაბახის საკითხზე იბრძოლოს, ამის საკომპენსაციოდ ქართველებს წაგვართვა სალოცავები, რათა ამომრჩევლებში იტრაბახოს, ის ვერ დაგიბრუნეთ, მაგრამ საქართველო დავჩაგრეო.
„ეს გახდა უკვე წესი, ჩვენ გადავიქეცით ალიევის კოლონიად. შუა თბილისში ჟურნალისტი ალიევის სპეცსამსახურებმა გაიტაცეს, ჩაიყვანეს, მობარებული კაცი გაასამართლეს და ამაზე ხმა არავის ამოუღია. ამაზე ერთი საპროტესტო განცხადება არ ყოფილა. „სოკარი“ – ეს მაფიოზი სტრუქტურა, ივანიშვილი-ალიევის ერთობლივი სპეცსამსახურია, რომელიც აწარმოებს სხვა ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობასაც, გარდა მამასისხლად მოწოდებული გაზისა და ბინძური საწვავისა, რომელიც ტყვიით აბინძურებს ჩვენს ჰაერს. ახლა ამას დაემატა დავით გარეჯის წართმევა და ვერ გავივე, რა არის კოლონია ახლა. ესღა გვაკლდა, დიდი იმპერიების კოლონია მაინც ვიყავით, თავი მოგვქონდა, ახლა ალიევის და მეჰრიბანას კოლონია გავხდით. ეს არ არის სამარცხვინო? მარტო ამის გამო იქნება ივანიშვილი და მისი ხროვა ძალიან მწარედ გასასამართლებელი“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს გარეშე ვერცერთი მეზობელი სახელმწიფო ვერ იარსებებს – ვერც გეოპოლიტიკურად, ვერც მორალურად, ვერც ზნეობრივად.
„ჩვენ ასეთ ოკუპანტ ხალხთან მეგობრობას არ ვცნობთ, ვცნობთ ისეთ მეგობრობას, როგორიც ტრადიციულად გვქონდა ჩვენ და ჩვენს მოძმე აზერბაიჯანელებს, სომხებს, რუსებს, ებრაელებს, უკრაინელებს და ყველას, ვინც გარს გვახვევია, ან ვინც აქ, ჩვენთან ცხოვრობს. ჩვენ მოვიპოვეთ შეთანხმება, ხელმოწერილი საქართველოს საგარეო საქმეთა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ, 13 ივნისს, 1996 წელს, რომლის თანახმად, აზერბაიჯანი აღიარებს, რომ ჩიჩხიტური, აღდგომის მონასტერი და ეს მონაკვეთები, რაც ახლა წაიღეს, არის საქართველოს ტერიტორია. ასეთი დოკუმენტები ხელში აქვს ხელისუფლებას, აი ასეთი ურყევი იურიდიული ფაქტები და ასე ლაჩრულად, ასე ჩუმად, ასე სამარცხვინოდ იქცევა. კიდევ აქეთ გვემუქრება ციხეში დაჭერით“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.