შალვა ნათელაშვილი - ოპოზიციურ გაერთიანებას არ სჭირდება ლიდერი, მათ შორის არც მიხეილ სააკაშვილის სახით, ჩვენ არ ვართ ცხვრები და ყოჩი არ გვჭირდება
ხელისუფლებასთან მოლაპარაკებასა და გადაწყვეტილებების მიღების დროს მე და კიდევ სხვა პარტიები უფრო რადიკალური ვართ, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, საუბრები იმაზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება და ამაში სხვა პარტიების აყოლიება, უსაფუძვლოა.
როგორც ნათელაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ მოლაპარაკებების პროცესში ისეთივე როლი აქვს, როგორიც სხვა პარტიებს.
„საუბარია, თითქოს ოპოზიციას არ უნდა მოლაპარაკებებით რაიმე შედეგის მიღწევა. ასევე „გირჩში“ ითქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ უნდა ამ მოლაპარაკებებში შედეგს მიაღწიოს, მათ უნდათ, მიხეილ სააკაშვილი მოვიდეს ერთპიროვნულად და ამაზე უნდა აიყოლიოს პოლიტიკური პარტიები. შემიძლია, მთელი პასუხისმგებლობით, პირდაპირ გითხრათ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მოლაპარაკებათა და ოპოზიციური საქმიანობის ფორმატში უკავია სრულიად თანასწორი მდგომარეობა. დამერწმუნეთ, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებასა და გადაწყვეტილებების მიღების დროს მე და კიდევ სხვა პარტიები უფრო რადიკალური ვართ, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“. „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან კარგად არის სინქრონირებული საერთო ოპოზიციურ სტრატეგიასთან. ეს პოლიტიკური ძალა სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ასეთი კონსტრუქციული და შორსმხედველი რომ ყოფილიყო და არ გაენადგურებინა მთელი მაშინდელი ოპოზიცია, ივანიშვილი ვეღარ შემოვიდოდა პოლიტიკურ ასპარეზზე“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მისივე თქმით, ოპოზიციურ გაერთიანებას არ სჭირდება ლიდერი, მათ შორის არც მიხეილ სააკაშვილის სახით.
ამასთან, ნათელაშვილის შეფასებით, ოპოზიციონერთა ნაწილი წამოეგო პიარს, რომ მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციაში გარკვეულ საკითხებს წყვეტს.
„ის ზღაპრები, რომ ბოკერია მმართავს, სააკაშვილის მმართავს, პირიქით რადიკალურ გადაწყვეტილებებს ძალიან ხშირად ჩვენ ვახვევთ თავზე ჩვენს კოლეგებს. ჩვენი კოლეგები გაუცნობიერებლად წამოგებული არიან ამ სახელისუფლებო პიარს, რომ აი, სააკშვილის წყვეტს ვითომ რაღაცას. შეიძლება, ვიღაცამ ეს გამოიყენოს არასწორი პიარის გასავითარებლად, რომ აი, ხედავთ, ის წყვეტს და იქ წავიდა ოპოზიცია მოსალაპარაკებლად. მაგის არავითარი საჭიროება არ ყოფილა. საერთო ოპოზიციური სტრატეგიის პრობლემას სააკაშვილი ვერ გადაწყვეტს. ეს რომ სდომოდა ოპოზიციას, არავის არაფერი პრობლემა არ ჰქონდა, მაშინ მოიწვევდნენ მიხეილ სააკაშვილს ლიდერად. რამდენია ლიდერია, უცხოეთში მოღვაწეობს და თავის ქვეყანაში პროცესებს ხელმძღვანელობს, ხომ ? არ დამდგარა ასეთი საჭიროება. არ ვართ ჩვენ ცხვრები და არ გვჭირდება ყოჩი. ყველა ვართ საქართველოს რიგითი ჯარისკაცები. არ გვჭირდება მთავარსარდლები, არ გვჭირდება კერპები და არ გვჭირდება თაყვანისცემის ობიექტები, ჩვენი თაყვანისცემის ობიექტი არის ჩვენი დიდი ხალხი, ჩვენ გმირი ხალხი, გელათი, ვარძია და წინაპართა დატოვებული საქმეები“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
შალვა ნათელაშვილმა კომენტარი გააკეთა ასევე რეგლამენტში შესატან ცვლილებებზეც, რომელიც ოპოზიციონერ დეპუტატებს გარკვეულ უფლებამოსილებას ანიჭებს.
„ეს არის შესატყუებელი მახე, რათა ვინც შეიტყუეს, გარკვეული ჯგუფები, მათი ინტერესები დააკმაყოფილონ და უფრო კარგად მოაწყონ, კარგად აჭამონ, კარგად ასვან ხალხის ხარჯზე. ახლა რა ცვლილება უნდა შეიტანონ რეგლამენტში, როდესაც კონსტიტუციაში ჩაწერეს შვიდი კაცი სავალდებულოა ფრაქციისათვის, კონსტიტუციაში წერია და ვერ შეცვლიან. რომ წერდნენ თავიდან შვიდი კაცის აუცილებლობას, ეს ვერ გათვალეს, რომ ისტორიული მოთხოვნების მიხედვით, ფრაქციების გაუქმება ცვალებადია“, – განაცხადა ნათელაშვილმა.