შალვა ნათელაშვილი - ოპოზიციამ უნდა დატოვოს მანდატები, ხალხი გაემზადოს ქუჩაში გამოსასვლელად და გაიწვიონ ამერიკის ელჩი, რომელიც ივანიშვილის პირადი ადვოკატია
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი საპარლამენტო ოპოზიციას მოუწოდებს, მანდატები დატოვონ. მისივე თქმით, ხალხი ქუჩაში გამოსასვლელად უნდა გაემზადოს.
ამასთან, შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ აშშ-ის ელჩი ივანიშვილის პირადი ადვოკატია და საქართველოდან უნდა გაიწვიონ.
„უნდა დატოვოს ოპოზიციამ მანდატები და დაბრუნდეს სიტუაცია თავდაპირველ მდგომარეობაში. დამიმარტოხელავეს მე, რადგან ოპოზიციამ მიმატოვა და შევიდა პარლამენტში. ახლა ანგარიშს ასწორებს ტირანი მთლიანად ჩეზმე იმის გამო, რომ ფაქტობრივად ხელისუფლებას ვაკარგვინებდით იმ ფორმატით, რაც ოპოზიციურ ერთობას გულისხმობდა და რომელიც ჩვენ ჩამოვაყალიბეთ. ამიტომ უნდა დავაბრუნოთ ის მდგომარეობა. გამოდით, მეგობრებო, დატოვეთ მანდატები, რა დროს რუსთავის არჩევნებია, რა დროს რაღაცა წალენჯიხის არჩევნებია, მანდატს წაგაგებინებენ, კიდევ რამდენჯერ უნდა შევრცხვეთ და პირშავად გამოვიდეთ ჩვენს ხალხთან, როგორ ვერ უნდა ვისწავლოთ ჭკუა.
დატოვეთ მანდატები, მეორე – ხალხი გაემზადოს გარეთ, ქუჩაში გამოსასვლელად და მესამე, ამერიკამ დაადოს სანქციები და აქედან გაიწვიონ ამერიკის ელჩი, რომელიც პირადი ადვოკატია ბიძინა ვანიშვილის. ეს უკვე არაფერს აღარ გავს, ამაზე უკვე ხმა არის ამოსაღები“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტეს.