შალვა ნათელაშვილი - მთავრობის საქმიანობას ქვეყანაში კორონავირუსის შემოტანასთან დაკავშირებით დადებითად ვაფასებ, ეს ვირუსი მათ შემოიტანეს
შალვა ნათელაშვილი - მთავრობის საქმიანობას ქვეყანაში კორონავირუსის შემოტანასთან დაკავშირებით დადებითად ვაფასებ, ეს ვირუსი მათ შემოიტანეს

მსოფლიოში მიმდინარე გლობალური, კორონარული კრიზის უდიდეს დარტყმას მიაყენებს ისედაც განადგურებულ ქართულ ეკონომიკასა და სოციალურ სფეროს, სიღატაკის კოეფიციენტს პიკზე აიყვანს, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, საჭიროა სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას.

მისივე თქმით, საშუალო და წვრილ ბიზნესზე სასწრაფოდ უნდა გამოცხადდეს საბანკო ამნისტია.

„დაუყონებლივ დადგინდეს ზღვრული ფასები საკვებ პროდუქტებზე და წამლებზე. ეს სამი კომპონენტი საქართველოს მიმდინარე ურთულესი მსოფლიო პროცესიდან უდანაკარგოდ გამოიყვანს. ეს ვირუსიც ძალიან მალე ჩაივლის, ხოლო ჩვენ შეიძლება უკეთესი განვითარების ტემპები დაგვეწყოს და უამრავ ადმიანს გადავარჩენთ გაკოტრების, სასოწარკვეთის, ქვეყნიდან გაქცევის და სხვა იმ დიდი პრობლემებისგან, რაც არაერთხელ გადავიტანეთ. გასული წელი საქართველოს ბანკებმა მილიარდიანი მოგებით დაასრულეს. ეს ნიშნავს, რომ ვართ ივანიშვილისგან დაწესებული კლასიკური საბანკო ყაჩაღობის მსხვერპლნი. თუ ასე გაგრძელება, აუცილებლად დამთავრდება იმით, რომ ერთ მშვენიერ დღეს მგელი შეგვჭამს. ეს მგელი კორონავირუსი იქნება, ღორის გრიპი თუ ებოლა. ფაქტია, რომ სუსტნი ვართ იმის გამო, რომ არ გაძღა ბანკების მუცელი. მთავრობის საქმიანობას კორონავირუსის შემოტანის ხაზით ქვეყანაში დადებითად ვაფასებ, ეს ვირუსი მათ შემოიტანეს. მთელი მთავრობა ვიქენდებზე პიცის საჭმელად დადის იტალიაში. ნახეთ რამდენი მინისტრი, მოადგილე, მინისტრის თანაშემწეა თვით კარანტინში და კიდევ რაც არ ვიცით. ჩვენი ინფორმაციით კიდევ უფრო მეტია. ეს ვირუსი საწყალ და უბრალო ხალხს არ შემოუტანია, რომელიც თავის გადასარჩენად საზღვარგარეთ გაიქცა და ნამდვილად არ სცალია საქართველოში შაბათ-კვირას იაროს. ეს ვირუსი ელიტამ შემოიტანა. ჭუჭყი, მტვერი, ნაგავი და ვირუსი ამ ხელისუფლების შემოტანილია“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.