შალვა ნათელაშვილი - მთავრობას და ბანკებს მოვუწოდებ, გადადეთ მოსახლეობიდან, ბიზნესიდან ვალების ამოღება, ხოლო 31 ოქტომბრის შემდეგ, როცა შევცვლით ხელისუფლებას, ყველა ვალი ჩამოიწერება
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი მთავრობას და ბანკებს მოუწოდებს, მოსახლეობისგან ვალების ამოღება შეაჩერონ.
მისივე თქმით, 31 ოქტომბრის არჩევნებზე ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მოსახლეობას ყველა ვალი ჩამოეწერება.
„გლობალური პანდემიის გამო, მთელ მსოფლიოში ბანკებმა შეწყვიტეს სესხების ამოღება, ხოლო სახელმწიფოებმა გაუშვეს ტრილიონიანი ინექციები მიყენებული ზარალის დასაფარად. ერთადერთი კუნძული, უგულობისა და არაადამიანობისა, ივანიშვილის საქართველოა, სადაც დღეიდან ბანკებმა ისევ დაიწყეს მოსახლეობისაგან გადავადებული ვალების მოთხოვნა. ეს მაშინ, როდესაც საბანკო სისტემამ განვლილი 8 თვე დაამთავრა მილიარდიანი მოგებით. აქედან, ბანკებმა ხელში ჩაიგდეს 200 მილიონი უძრავ-მოძრავი ქონება. მოვუწოდებ მთავრობას და ყველა ბანკს, გადადეთ ვალების ამოღება მოსახლეობიდან და ბიზნესიდან, ხოლო 31 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც შევცვლით ხელისუფლებას, ყველა ეს ვალი იქნება ჩამოწერილი როგორც აღნიშნული განხორციელდა ევროპაში, აშშ-ში, სინგაპურში, ვიეტნამში და ყველგან. საქართველო დადგება ამ რიგებში. თავისუფალი ერი და ადამიანი ნიშნავს იმას, რომ პანდემიის და ეპიდემიების დროს, არავინ ვალს არ სთხოვს, ვალებს აწერენ და ქონებას არ უყადაღებენ, ამით იწყება თანამედროვე ცივილიზაცია“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.